დღეს კვირაცხოვლობაა

10:58 05-05-2019
1

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. 

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა. 

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.