ვინ არის წარსულში 25 მუხლით გასამართლებული მამაკაცი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს?

17:49 05-04-2019
29

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 23 აპრილს, ზუგდიდში ხორავას ქუჩაზე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გოჩა ფაცურია ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს.

„იქცეოდა აგრესიულად, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მის დამშვიდებას რამდენიმე პირი ცდილობდა. სამართალდამცველებმა გ.ფ-ს არაერთხელ მოუწოდეს დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა ის არ დაემორჩილა, აგრესია პოლიციელებზე გადაიტანა და აგრძელებდა ყვირილს და შეურაცხყოფას. ვინაიდან გ.ფ.-ს ქმედება აშკარად შეიცავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს, სამართალდამცველებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დაკავებულის ბიძა მურმან ჭურღულია კი „პრაიმტაიმს“ უცხადებს, რომ მისი დისშვილი გოჩა ფაცურია, ზუგდიდიდან ჩხოროწყუს პოლიციაში გადაყვანის დროს გზად მანქანაში პოლიციელებმა წყლით სავსე ბოთლებით სცემეს.

როგორც მითხრა,თვითონ ჩხოროწყუს განყოფილებაში ვინმე სიჭინავა კარგად მექცეოდაო, გზაში მცემესო პოლიციელებმა. მე ვნახე, ბოდიში და ჩაიხადა შარვალი სულ გაშავებული ჰქონდა სხეული და მთელს ტერიტორიაზე, ახლაც აქვს სილურჯეები. მეორე დღეს ჩხოროწყუდან მოიყვანეს და აქ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში , 1000 ლარით გაასამართლეს. რის შემდეგ, სახლში მოვიდა ჩემთან და მთხოვა წამიყვანეო, სხვა არაფერი ვიცი“, - ამბობს გოჩა ფაცურიას ბიძა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გ.ფ.-ს დაკავების დროს შუბლის არეში მცირე ზომის დაზიანება აღენიშნებოდა, რაც ასახულია დაკავების ოქმშიც.

მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიღებული იყო დაკავებამდე სამი დღით ადრე. დაკავებული იმავე ღამეს გადაყვანილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შემოწმდა და დათვალიერდა ექიმის მიერ და მას სხეულზე გარდა აღნიშნულისა არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და იზოლატორში არანაირი სახის პრეტენზია არ განუცხადებია. პოლიციას გააჩნია როგორც გ.ფ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლის და გამოსვლის კადრები. 24 აპრილს დაკავებულს არც სასამართლო პროცესზე გამოუხატავს პრეტენზია პოლიციის მიმართ. სასამართლომ გ.ფ. სამართალდამრღვევად სცნო და მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, -აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თავად გოჩა ფაცურია ჟურნალისტებთან კომენტარს აღარ აკეთებს. მან ინტერვიუ „რუსთავი2“-ს მისცა.

„პრაიმტაიმს“ ადგილობრივი, რომელიც წარსულში ფაცურიას მიერ ჩადენილ ერთ-ერთ დანაშაულში დაზარალებულად სცნეს უყვება, რომ აღნიშნული პიროვნება ჯერ კიდევ 1982 წლიდან დღემდე სხვადასხვა მძიმე დანაშულისთვის იხდიდა სასჯელს და საერთო ჯამში ციხეში 20 წელზე მეტი აქვს გატარებული. სხვადასხვა წლებში მის მიმართ წარდგენილი იყო 25-ზე მეტი ბრალდება, მათ შორის ძალადობრივ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე.

ავტორი: თეა შონია