მეფე დაბრუნდა - დავით ბაგრატიონი პოლიციის სამმართველოში დაიბარეს (Exclusive)

15:47 05-03-2019
1851

პრაიმტაიმის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში დაბრუნდა. ის ესპანეთიდან სამშობლოში პირველ მაისს ჩამოვიდა. 

პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად, როდის გამოცხადდება პოლიციის სამმართველოში ჯერჯერობით უცნობია. 

დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა რამდენიმე დღის წინ პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი გამოძიებას თავს არ არიდებს და ქვეყანა მხოლოდ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო დატოვა. 

გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემალება გამოძიებას და ამ მოტივით დატოვა ქვეყანა. რეალურად, მისი გამგზავრება უკავშირდება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დავით ბაგრატიონი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. 

ჩემი მარწმუნებლის ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს გამოძიება და საზოგადოება მალე დარწმუნდება, რომ მთელი ეს ბრალდებები არის აბსურდი. არანაირი ძალადობა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ არ მომხდრა, - განაცხადა „პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატმა დაადასტურა, რომ მისი მარწმუნებელი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს ყოფილი მეუღლის მიერ გაჟღერებული ბრალდებების საქმეზე. ადვოკატი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებლურ კამპანიაზე საუბრობს.    

„ბოლო ხანს მიზნამიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობა მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ. ამ ინფორმაციას გააჩნია ერთადერთი მიზანი - მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვა. რატომღაც, ე.წ. დაზარალებულის მიერ ამ ფაქტის გასაჯაროება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სამოქალქო სარჩელი. მათი განმარტებით კი, თითქოს ეს ძალადობა განხორციელდა 5 წლის წინ, რაც ძალიან უცნაურია. ძალიან მარტივია დასკვნის გამოტანა - ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღდმეგ, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.