ქართული დიპლომების აღიარება ევროპაში

13:56 05-03-2019
47

საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული  დიპლომები იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ENQA-ში გაწევრიანებით საქართველომ  ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი. პრემიერმა აღნიშნულ ფაქტს ისტორიული უწოდა.

“საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ჩემი გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება ENQA -ში. ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოსთვის“. - განაცხადა პრემიერ-მინისტმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისთვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს. პრემიერ-მინისტრმა ENQA-ში გაწევრიანებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპელ მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ საქმეში.

მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალ თვეებში მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.