ბახტაძე - ჩვენ ქვეყანაში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული იქნება

11:35 05-03-2019
13

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.

მისი თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა

„ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ განათლება არის მთავარი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდურიევროკავშირში.

პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება.  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი