მეუფე იობის ქადაგება დავით გარეჯში - სრული ვერსია

15:46 05-02-2019
145

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თვრამეტივე ტაძარში საჩვენებელი წირვა-ლოცვა აღევლინა. სასულიერო პირების დელეგაცია იქ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის თაოსნობით ჩავიდა.

მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქმე რელიგიურ კონფლიქტამდე მივიდეს.

„აი, ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს დღეს გვართმევენ. ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, რომლებიც თითქმის ნახევარი მილიონია საქართველოში. არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას და ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი გაზი და ნავთობი გადის ჩვენს ქვეყანაზე. იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ასეთი პრინციპით მოქმედებს: იქით შეედავე, რომ აქეთ დაგრჩესო. გვედავებიან, სიწმინდეებს, რომ იქით დარჩენილი ყარაის ველი, ჰერეთი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ კიდეც, მე გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა, რომ გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ამოდიან ზემოთ და უკვე და მათი შეფასებით, ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილი.

ეს აზერბაიჯანის მხარეს სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით.

თვალში ნაცარს გვაყრიან. გვეუბნებიან მუსლუმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ძმები არიან. ის იგივეა, ქრისტიანმა რომ თქვას, ეშმაკის მსახური და ეშმაკის მიმდევარი ჩვენი მეგობარია. მათზე არის მუსლუმანობის სულიერი დამღა. ისტორიული მეხსიერება არ გვღალატობს და გვახსოვს რომ განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა.

ტაო-კლარჯეთი - თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი - აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან.

შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს, ისე, რომ უდაბნოს გარეჯს არანაირი საშიშროება არ დაემუქროს. დარჩეს სახელმწიფოს და თქვან რომ აი, ეს კონფლიქტი მოვაგვარეთ. მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე. აქ საუბარია თხემის იქით, მთელ კომპლექსზე. ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი. თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება. მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს.

ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავიბრუნოთ რთუბნის კომპლექსი. ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე, გონიერება ეყოფა, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენს წინაშე, ასეთი გამოწვევა დადგა.

ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა შეიწიროს თქვენი აქ მობრძანება. ვფიქრობ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი უნდა დაწესდეს გარეჯელ მამათა ხსენების დღედ და ყოველ წელიწადს, როგორც დღეს ჩვენ მთელი სამღვდელოებით მოვედით, შეუძლია სხვა ეპარქიებსაც მოვიდნენ. შეიძლება მორიგეობაც დაწესდეს. წლების მიხედვით მღვდელმთავრები მობრძანდნენ და ჩაატარონ საზეიმოდ ეს დღესასწაული, ვაჩვენოთ მათ, რომ ეს არ არის მიტოვებული ადგილი, აქ მოქმედი მონასტერია, წირვა-ლოცვები აღესრულება“, - განაცხადა ქადაგებისას მეიფე იობმა.

შეგახსენებთ, 25 აპრილს „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კელიებში ტურისტებს და დამთვალიერებლებს 4 დღის განმავლობაში აღარ უშვებდნენ

მაშინ, არქიმადრიტმა კირონმა და ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ ეს შესაძლოა დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირდებოდეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილს იმყოფებოდა.