„ლიბერთი ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულთა დაკავების კადრები - ვინ არიან დაკავებულები?

13:24 04-20-2019
3267

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა, დაკავებულია 3 პირი - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა. 

„მიმდინარე წლის 19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.