ბახტაძემ ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი განმარტა

15:02 04-19-2019
223

პრემიერ-მინისტრის განმარტებით ეკონომიკის მინისტრის ცვლილება როგორც ქობულიასთან, ასევე თურნავასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა.

კითხვაზე სად წავიდა ქობულია, - მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ მასთან შეხვედრას მთავრობის სხდომის შემდეგაც აპირებს.

რაც შეეხება საფუძველს, მთავრობის მეთაურს პირდაპირ არ უთქვამს რომ ქობულიას გადაწყვეტილებების მიღების დაბალი ტემპი ჰქონდა, თუმცა განმარტა, რომ ცვლილების მთავარი მიზანი უფრო ოპერატიულად მუშაობაა.

„2019-20 წლებისთვის ჩვენს ბიუჯეტში კონსულიდირებული უნდა იყოს 27 მილიარდი ლარი.

ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, რომ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც წაადგება წარმოების, ბიზნესის, სოციალური პროგრამების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების არსებული გეგმის შესაბამისად განვითარებას“,- აცხადებს პრემიერმინისტრი.

მან დღეს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ნათია თურნავასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მისგან ამბიციური გეგმების წარმატებით შესრულების მოლოდინი აქვს. რაც შეეხება ქობულიას საქმიანობის შეფასებას, ამ მხრივ აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრის მიერ არაერთი მიმართულებით, მათ შორის ინდუსტრიის განვითარების სფეროში შედგენილი განვითარების სტრატეგიები ქვეყანას აუცილებლად გამოადგება.

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი