Ecxlusive: ეკა ბესელიას გუნდს მაჟორიტარობის კანდიდატად ნატო ჩხეიძის ძმის, მწერალ როსტომ ჩხეიძის წარდგენა სურდა

15:43 04-17-2019
1053

„პრაიმტაიმის ინფორმაციით, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით „ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატების ჯგუფი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატად მწერალ როსტომ ჩხეიძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავდა. 

ამ საკითხზე მოლაპარაკებებს უშუალოდ გედევან ფოფხაძე აწარმოებდა, რაშიც ჩართული იყო როსტომ ჩხეიძის დაც, დეპუტატი ნატო ჩხეიძე. კამპანიის დაფინანსებას კი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი უზრუნველყოფდა, რომელიც ნატო ჩხეიძის მეუღლე გახლავთ. 

„პრაიმტაიმთან საუბრისას გედევან ფოფხაძე არ უარყოფს, რომ როსტომ ჩხეიძესთან მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, თუმცა მისი თქმით, მწერალი ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არ აღმოჩნდა. 

ნამდვილად მქონდა კონსულტაციები რამდენიმე ადამიანთან, მათ შორის ანი დოლიძესთან. კი, ბატონო ვადასტურებ, რომ იყო კონსულტაციები როსტომ ჩხეიძესთანაც, მაგრამ არ იყო ადამიანი მზად იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. შემოდგომისკენ, რომ ყოფილიყო არჩევნები, უფრო მომზადებული იქნებოდა... 

ვფიქრობ, 2020 წლისთვის მოლაპარაკებებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიიღოს ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აინტერესებს. ჩვენ პარლამენტში გვჭირდება მოზროვნე ადამიანები, რომლებიც პრინციპებს დაიცავენ. 

რაც შეეხება უშუალოდ როსტომ ჩხეიძეს, მას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ჩემთვის ის საპატივსაცემო ადამიანია, რომელმაც თავის დროზე დაარსა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება და ჯერ კიდევ პირველი კურსიდან მოყოლებული მაქვს მასთან ურთიერთობა, - ამბობს გედევან ფოფხაძე.