თელავში მარტოხელა მოხუცი სოციალურ სააგენტოს დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებს

12:29 04-16-2019
86

თელავში, სოციალურად დაუცველი მოქალაქე, დიმიტრი აბრამიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებს.

დიმიტრი აბრამიშვილის თქმით, სააგენტომ დახმარება ოთხი თვის წინ მოუხსნა. მიზეზად კი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ფულად დახმარებას ასახელებს.

მისივე თქმით, ის მარტოხელაა და ნათესავის საცხოვრებელ სახლში დროებით ცხოვრობს. მარჯვენა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, გადაადგილება უჭირს.

„არც პენსია მაქვს, აღარც დახმარება. უფულობის გამო ვერც ინვალიდობის ჯგუფს ვადგენ, მეზობლები რომ არ მეხმარებოდნენ, შიმშილით სიკვდილი მელოდება.“- განაცხადა აბრამიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.  

თელავის სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის სამსახურის უფროსის, ჯემალ ბაღათრიშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველების შესახებ რიგი მონაცემები პერსონალურია.

„მოვიდეს აბრამიშვილი სააგენტოში და მის პრობლემას აუცილებლად შევისწავლით. - განაცხადა ბაღათრიშვილმა.

დიმიტრი აბრამიშვილი სააგენტოსგან ხელახალ გადამოწმებას და გაცდენილი თვეების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას ითხოვს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი