დევიდ პრაისი: დელეგაცია საქართველოში კონგრესისგან მკაფიო გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვიდა

11:05 04-16-2019
13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კონგრესმენმა დევიდ პრაისმა და ვერნ ბუჩმანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

კობახიძემ აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლი და საქართველოს მეგობარი კონგრესმენები არიან.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობის გაზრდას - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, დელეგაცია საქართველოში კონგრესისგან მკაფიო გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვიდა.

კონგრესმენმა საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. დევიდ პრაისმა ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზეც.

„ჩვენ, ორივე პარტია, ვიზიარებთ საქართველოს მისწრაფებებს. ჩვენ დავბრუნდებით შინ იმისთვის, რათა კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში, ნამდვილად დიდი პროგრესია და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობის და დემოკრატიული განვითარების ასპარეზზე“, - განაცხადა დევიდ პრაისმა.

კონგრესმენები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ.