მოულოდნელად დაწყებული მშობიარობა - 24 წლის გოგოს ორსულობაზე ეჭვიც არ ჰქონია

10:24 04-16-2019
9068

ლონდონის მკვიდრმა საკუთარი ფეხმძიმობა არ შეუმჩნევია და მისთვის მოულოდნელად ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

24 წლის ოფიციანტს, შარლოტა დიუბარდს არც ციკლი შეწყვეტია და არც წონაში მოუმატია. ამიტომაც, ეჭვადაც არ ჰქონია, რომ ფეხმძიმედ იყო.

„მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ მეტი ტკბილის ჭამა დავიწყე. კიდევ პრობლემები მქონდა ფეხებზე, რის გამოც სამსახურის გაცდენა მიწევდა. მოგვიანებით ექიმმა მითხრა, რომ ეს, სავარაუდოდ, ბავშვის დაწოლის გამო ხდებოდა“ - ამბობს შარლოტა.

მთელი ცხრა თვის განმავლობაში ის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდა, ეწეოდა, ალკოჰოლსაც მიირთმევდა და სამსახურშიც დადიოდა, სადაც მისი ცვლა ზოგჯერ 14 საათს გრძელდებოდა. როდესაც მუცლის ტკივილები დაეწყო, ამისთვის თავიდან ყურადღება არ მიუქცევია.

„ღამით ვიგრძენი ტკივილი, მაგრამ არა განსაკუთრებული. მეორე დღეს ეს ტკივილები გაგრძელდა და ტალღისებურად ხან იმატებდა, ხან კი იკლებდა“, - ყვება დიუბარდი.

მან საკუთარი თავის თვალიერება მობილურის კამერით დაიწყო და ჩვილის თავი შენიშნა. მაშინვე აბაზანაში გაიქცა და იქ იმშობიარა - ჭიპლარიც მანიკურისთვის განკუთვნილი მაკრატლით გადაჭრა. ამის შემდეგ თავის მეგობარ ბიჭს დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. თავიდან მან ვერ დაიჯერა, რომ ჩვილი მათი შვილი იყო და ეგონა, რომ გოგონამ ის ქუჩაში იპოვა.

მოგვიანებით ბავშვი ექიმებმა ნახეს და თქვეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო.