რა ვითარებაა ახლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან - უახლესი კადრები

10:21 04-16-2019
415

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო სამსახურის განცხადებით, მეხანძრეები დარჩენილ კერებს აკვირდებიან.

ხანძარი გუშინ გაჩნდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

ნოტრ-დამის პრესმდივის ანდრე ფინომის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.

ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი.

ხანძრის ჩაქრობის პროცესს მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა. ცეცხლშიგახვეული ტაძრის ტერიტორიაზე შეკრებილი იყო ათასობით მოქალაქე. ისინი ტაძრის გადარჩენისთვის ლოცულობდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მღერიან დაჩოქილები ავე მარიას საგალობელს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი მილიარდერი, კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი, ფრანსუა-ანრი პინო ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, შენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა. ის ასევე ცნობილია როგორც notre dame.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილია, თავისი უნიკალური ექსპონატებით როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

ექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.