იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი

02:32 04-16-2019
118

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, ხანძარს გადაურჩა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს.

იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი მთავარი რელიქვია, რომელიც ტაძარში ინახებოდა.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ საკათედრო ტაძრის ძირიტადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

ამას გარდა, როგორც ტელეკომპანია „ფრანს 24“ იუწყება, მეხანძრეები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით გადარჩება ტაძრის ორივე კოშკი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.