ლეგენდები და ისტორიები ნოტრ-დამის გარშემო, რომელიც მსოფლიოს თვალწინ იფერფლება

23:03 04-15-2019
22

მისამართი: საფრანგეთი, მეოთხე ოლქი, კუნძული სიტე

მშენებლობის დაწყების თარიღი: 1163 წელი

მშენებლობის დასრულება: 1345 წელი

არქიტექტორები: ჟან დე შელი და პიერ დე მონტრეი

კოშკურების სიმაღლე: 69 მეტრი

ძირითადი ღირსშესანიშნაობები: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, ლურსმანი (რომლითაც ისეო ჯვარზე მიაკრეს) და იესოს ჯვრის ნაწილები. 

ეს პარიზის ღვთისმშობლის მოკლე ისტორიაა, რომელიც რეალურად 8 საუკუნეზე მეტს ითვლის და ამ წუთებში მსოფლიოს თვალწინ ცეცხლშია გახვეული.

„პრაიმტაიმი“ შეეცდება მოკლედ შეახსენოს მკითხველს კაცობრიობის მიერ შექმნილი იმ ღირსშესანიშნაობის ისტორია, რომელიც, არსებული რისკებით, შესაძლოა მალე სრულიად ფერფლად გადაიქცეს.

width=600

მშენებლობის იდეის ავტორი ამ დრომდე სადაოა

თანამედროვე ტაძრამდე, ამ ტერიტორიაზე იდგა პირველი ქრისტიანული ეკლესია, მანამდე კი კერპ იუპიტერის სალოცავი. ეს ნიშნავს, რომ ფრანგებისთვის ეს მართლაც არის ადგილი, სადაც ადამიანი ღმერთს უკავშირდება.

ამ დრომდე არ მოიპოვება დოკუმენტი, სადაც დასტურდება, ვინ დადო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველი აგური. ისტორიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს რომის პაპი ალექსანდრე მესამე იყო, სხვები კი ამ ფაქტს პარიზის ეპისკოპოს მორის დე სულის მიაწერენ, რომელსაც მეფე ლუდოვიკ VII-მ 1163 წელს ყველაზე გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა დაავალა.

ტაძარი ზუსტად 182 წელი შენდებოდა. ისევე როგორც უკვე აშენებულ ტაძარს ყოველდღიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, ასევე ათასობით არქიტექტორი მუშაობდა მის მშენებლობაზე, მაგრამ შემორჩა მხოლოდ ორის სახელი - ჟანი შელიდან და პიერი მონტრეიდან.

width=600

ლეგენდები ტაძრის გარშემო

ტაძარს უამრავი ლეგენდა და მითი უკავშირდება. მათი უმეტესობა დღესაც არ აძლევს მოსვენებას მეცნიერებს. ერთ-ერთია ამბავი ნოტრ-დამის ჭიშკრის შესახებ, რომლის გამოჭედვაზე შეკვეთა ნიჭიერმა მჭედელმა გვარად ბისკორნემ მიიღო. მან ვერაფრით მოიფიქრა, როგორი ფორმის კარიბჭე გაეკეთებინა და დახმარებისთვის სატანას მიმართა. დილით ტაძრის მეთვალყურეს მიწაზე უგონოდ გართხმული მჭედელი დახვდა, კარიბჭე კი - გამზადებული, საოცარი ჩუქურთმებით, რომელიც ვერცერთმა მეცნიერმა ვერ ახსნა, როგორ შეიძლება ადამიანის ხელს გამოეჭედა. უფრო მეტიც - ჭიშკარს არცერთი გასაღები არ მოერგო და არც გაიხსნა, სანამ ნაკურთხი წყალი არ მოაპკურეს.

სხვა ლეგენდა ტაძრის შიდა ინტერიერს უკავშირდება. ფრესკებზე მთელი ბიბლია იკითხება. ოკულტიზმის სწავლულებს სჯერათ, რომ ფრესკებსა და ქანდაკებებზე დაშიფრულია ძველი სწავლება. მთავარია მხოლოდ კოდის გაგება და სამყაროზე გავლენის მოპოვება ხდება შესაძლებელი.

არსებობს ლეგენდა იმაზეც, რომ არქიტექტორებს ტაძრის გეგმის შედგენაში ალქიმიკოსებიც ეხმარებოდნენ, რომლებმაც მასში ფილოსოფიური ქვის ფორმულის შიფრი ჩადეს და ვინც მის წაკითხვას შეძლებს ნებისმიერ საგანს გადააქცევს ძვირფას ლითონად

width=600

არაჩვეულებრივი ისტორია

ნოტრ-დამში დიდებული იმპერატორები მართავდნენ სადღესასწაულო მეჯლისებს, მეფეები და დედოფლები იწერდნენ ჯვარს, აქ იღებდნენ კურთხევას ომში მიმავალი ჯვაროსნები, ყველაზე მდიდარი ფრანგები აქ ინახავდნენ ძვირფასეულობას, რადგან ყველაზე საიმედო ადგილად მიიჩნევდნენ მას.

სწორედ ამ ტაძარში დაიდგა ნაპოლეონმა ახალი საფრანგეთის იმპერატორის გვირგვინი.

თუმცა, ტაძარი მხოლოდ დიდებულების თავშეყრის ადგილი არ ყოფილა. აქ ღატაკებსაც იღებდნენ და ეხმარებოდნენ.

width=600

როგორ გადაურჩა რევოლუციონერებს

საფრანგეთის რევოლუციის დროს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, როცა იქ რევოლუციონერების სიტყვებით შთაგონებული პარიზელები შევარდნენ და არაერთი ქანდაკება გაანადგურეს. მათ საგანძურამდეც შეაღწიეს და მთლიანად გაძარცვეს. უფრო მეტიც - რევოლუციონერებმა ტაძრის აფეთქებაც გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული - ამბოხებულებს ტყვიის წამალი გაუთავდათ. ისინი დაიბნენ და განზრახვაზე ხელი აიღეს.

ტაძარს მშველელად ვიქტორ ჰიუგო მოევლინა. სწორედ მან მოუწოდა ფრანგებს თავის პირველ რომანში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, სიყვარულით და პატივისცემით მოპყრობოდნენ იმ ღირსშესანიშნაობებს, რითაც ასეთი განთქმული იყო საფრანგეთი.