ჩართულია თუ არა ტერორიზმის მუხლით გასამართლებული მამუკა შონია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში

20:55 04-15-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყაიას მკვიდრი მამუკა შონია, რომელიც 2010 წელს კოჭოიასთან ერთად ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 2018 წლის 16 აგვისტოს დატოვა „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ მმართველ პარტიას უჭერს მხარს.

„2011 წლის თებერვალში ტერორიზმის ბრალდებით დამაკავეს,სასჯელის ნახევარი- 6,5 წელი მოვიხადე, მისჯილი მქონდა 20 წელი, შემეხო ამნისტია და წლები გამინახევრეს... დიახაც, მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ვინაიდან ვარ წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი. ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში, თუმცა არავისზე ზეწოლას არ ვახდენ. ჩემს ოჯახს და ახლობლებს თუ გულისხმობენ, ვართ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და აქ გასაკვირი რა უნდა იყოს, ისეთი დღეები გამოვიარე გლდანის ციხეში“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ მამუკა შონია.

მამუკა შონიას მეუღლე მზისა კვიციანი კი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, რომ საშინელი წლები გამოიარა ოჯახმა.

„დღეს კიდევ მოვიდა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი და ეს ტკივილი კიდევ ერთხელ გაგვახსენა, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, რა უნდა ვთქვათ. ჩემი მეუღლე არავისზე არ ახდენს ზეწოლას და არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ამჟამად არის დაკავებული სოფელში საოჯახო საქმეებით“,- ამბობს შონიას მეუღლე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული მამუკა შონია აქტიურად მონაწილეობს თავის სოფელში საარჩევნო კამპანიაში, იგივე ასევე ცდილობს, მერის არჩევნებზე ამომრჩევლების ხმების მობილიზებას. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში „პრაიმტაიმს“ უცხადებენ, რომ ნუკრი შონია საარჩევნო ადმინისტრაციაში არ ფიქსირდება.

ზუგდიდში მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ავრორი: თეა შონია