Exclusive რამაზ გიორგობიანი 73 წლის გახდებოდა - „დაფიქრებული, იუმორით სავსე, ცოტა ცუღლუტიც“

19:40 04-15-2019
1

16 აპრილს მსახიობ რამაზ გიორგობიანს 73 წელი შეუსრულდებოდა. არაპროფესიონალი მსახიობი კინოში ოთარ იოსელიანის წყალობით მოხვდა. რამაზი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე  სწავლობდა და ოთარ იოსელიანის ასისტენტმა მათემატიკის ოლიმპიადაზე ნახა, ტიპაჟი მოსწონებია. რამაზის ტიპაჟით ოთარმა ქართულ კინოში ახალი პერსონაჟი შემოიყვანა. „გიორგობის თვე“ მისი პირველი ფილმი იყო. საბჭოთა ნომენკლატურას დაპირისპირებული ახალგაზრდა ნიჭიერი კაცის როლით ახალი თემა შემოიტანა ქართულ კინოში. დებიუტიდან მოყოლებული რამაზმა დაუვიწყარი როლები შექმნა. „სერენადა“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „მხიარული რომანი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ - მისი შემოქმედების მწვერვალია. მის შემოქმედებაში იყო ფილმები: „ქოლგა“, „ფერისცვალება“, „სამკაული სატრფოსათვის“, „გაზაფხულის საღამო“, „ბატონი ავანტიურისტები“, „საფეხური“, „გამოცხადება“...

სოსო „ცისფერი მთებიდან“ - რამაზის სავიზიტო ბარათი მგონია. საბედნიეროდ, ასე თვლის ელდარ შენგელაიაც. მან მსახიობი „პრაიმტაიმთან“ გაიხსენა.

ელდარ შენგელაია: - რამაზ გიორგობიანი საოცრად ინტელიგენტი მსახიობი და ადამიანი იყო. არაპროფესიონალი მსახიობი გახლდათ, მაგრამ ეკრანზე ბევრ პროფესიონალს ჯობდა. რამაზი ოთარ იოსელიანმა აღმოაჩინა. მის „გიორგობის თვეში“ დებიუტი ითამაშა. შემდეგ იყო „სერენადა“, „სამკაული სატრფოსთვის“... „ცისფერ მთებში“, ვთვლი, რომ საუკეთესო სახე შექმნა. ძალიან დასანანია, რომ ადრე წავიდა. შესანიშნავი პიროვნება და დაუვიწყარი მსახიობი იყო.  

მოგვიანებით თეატრალურ უნივერსიტეტში  კინოსარეჟისოროზე განაგრძო სწავლება. თენგიზ აბულაძის ჯგუფში მოხვდა. გადაიღო ოთხი ფილმი, „ლოლიტა“, „მოდი, ვილაპარაკოთ“, „თითქმის ორი თვე“ და „მორევი“. ბოლო ნამუშევარი ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. მონტაჟი გიზო გაბისკირიამ დაასრულა. 

“49 წლისა მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლოდ ათი დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა - იხსენებს მსახიობის და, მაია გაჩეჩილაძე.

ტრისტან სარალიძე:  - ძალიან საინტერესო მსახიობი იყო, არაჩვეულებრივი მეგობარი, დიდი გრძნობების კაცი გახლდათ. ჩემზე ცხრა წლით უფროსი ყოფილა. მაგრამ ეს ჩვენ შორის არ იგრძნობოდა. გვიან ჩააბარა თეატრალურში, სხვა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. რამაზი, გოდერძი ჩოხელი, გია მატარაძე, თემურ ბაბლუანი, მე კურსელები ვიყავით. 

„ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ რომ გადავიღეთ და მოვრჩით, რაჭიდან წამოვედით მთელი გადამღები ჯგუფი და სხვებთან ერთად ბორჯომში, ჩემს აგარაკზე, რამაზიც დავპატიჟე. არ დაფიქრებულა ისე წამოვიდა. დედაჩემს მოვლილი, ვარდებიანი ეზო ჰქონდა და რამაზი გაგიჟდა - სამოთხეში მოვხვდიო. ის საღამო არ მავიწყდება. ასეთი მხიარული, ხალასი, იუმორის მქონე ნიჭიერი ადამიანი იშვიათად დადის ამ ქვეყანაზე. ღმერთმა დაგვჩაგრა, რომ ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან. ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. რამაზმა გადამიღო თავის ფილმში „ლოლა“. მომზადებული მოდიოდა გადასაღებ მოედანზე. სადაც გადაღებები გვქონდა, იქვე მეზობლად ცხოვრობდა ჩემი ბორჯომელი მეგობარი. გადაღებები ღამით მიმდინარეობდა. მე საყვარლის როლში ვიყავი, მჭრიან და ერთხელაც გადაღების დროს ყვირილი რომ ავტეხეთ, ჩემი ხმა გაიგო ამ ჩემმა მეგობარმა, და გონებია, რომ მე მართლა ვჩხუბობდი და ჩამოგვივარდა სახლში - გული გადამიტრიალდაო. მერე მითხრა, ეს ხალხი სახლში დამიპატიჟე, შეგარიგებთ მაინცო. რამაზს უყვარდა სუფრა და მოლხენა. 

- ასაკში როგორი იქნებოდა?

- ნაოჭი გაუჩნდებოდა, თორემ ხასიათი არ შეეცვლებოდა, იუმორიც იგივე დარჩებოდა. სიბერეც ისეთი ბრწინვალე ექნებოდა, როგორიც ყრმობა და ყმაწვილკაცობა ჰქონდა. 

ნანა ჯანელიძე: - რამაზის ქართულ კინოში გამოჩენა იყო პირველი ნამდვილი პროტესტანტის გამოჩენა. „გიორგობის თვეში“ და „სერენადაში“ მკაფიოდაა ნაჩვენები, რომ ინტელექტუალი, ინტელიგენტი ტიპი არ ეპუება უხეშ ძალას. აქვს პრინციპები და მას მკაფიოდ იცავს. ეს გარკვეულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპებია. ვითომ ფიზიკურად სუსტია, მაგრამ შინაგანი სიძლიერე აქვს. უტეხი ადამიანის არაჩვეულებრივი სახე შექმნა. „გიორგობის თვეში“ მისი გმირი კორუფციულ სისტემას ეწინააღმდეგება, „სერენადაში“  უხეშ ძალას უპირისპირდება. ეს ძალა შეიძლება წარემოიდგინო უხეშ ძალად, ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებად, უკულტურობად. ყოველთვის იმარჯვებს რამაზის გმირი. ეს კი იმედით გავსებს. „სამკაული სატრფოსთვის“ პოეტური ფილმია. სადაც თავგადასავლების მაძიებელი პოეტია, „ცისფერ მთებში“ მსხვერპლის როლშია. ამდენად მან სრულიად განსხვავებული სახე შექმნა, რომელიც მანამდე ქართულ კინოში არ იყო. 

მარინა კახიანი: - მე და ბატონი რამაზი ცოლ-ქმარს ვთამაშობდით მის ფილმში „მოდი ვილაპარაკოთ“. ამ პროცესის დროს, როცა მსახიობის როლშიც იყო და რეჟისორის, უფრო მეტად იცნობ ადამიანს. ჩემთვის ბატონი რამაზი მაშინდელი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი სიმბოლო იყო. ის იყო მაშინდელი კინოჰიტების მთავარი გმირის როლის შემსრულებელი. ძალიან მომეწონა მისი ფილმი „ლოლიტა“. სხვათა შორის, მას უნდოდა დედამისზე ფილმი გადაეღო, ის ოპერის მომღერალი იყო. ბატონმა რამაზმა მე შემომთავაზა ამ როლის თამაში. ეს გულის ამაჩუყებელი იყო. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. 

როგორც მსახიობი, ახალი ხერხით თამაშობდა, საინტერესოდ დაიკავა თავისი ადგილი. მისით აღფრთოვანებული იყო მაყურებელი. ბედნიერება იყო რომ მასთან პარტნიორობა. ძალიან განათლებული და დაფიქრებული რეჟისორი იყო. სამწუხაროდ, ადრე წავიდა და ბევრი რამ ვერ მოასწრო. 

- 73 წლის ასაკში როგორი იქნებოდა?

- ალბათ, ისევ ისეთი, დაფიქრებული, იუმორით სავსე. კარგი გაგებით - ცოტა ცუღლუტიც. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე