რატომ გავსკდით მთელი ზამთარი ამ პერეკისის სმით?- ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

18:34 04-15-2019
294

ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია, სამედიცინო მითების მსხვრევას განაგრძობს.

რიგით მესამე „ვიდეო გაკვეთილი“ ქართველმა ექიმმა  შარლატანების ამოცნობის მეთოდებს დაუთმო. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, მან ასე დაასათაურა: „როგორ მივხვდეთ როდესაც სამედიცინო თემაზე გვესაუბრებიან, იქ რაიმე არის საჭვო თუ არა? ის რაც ყველამ უნდა იცოდეს!“

არჩილ მარშანია თავის ვიდეოში განმარტავს, რომ მედიცინაზე საუბრისას, სიტყვები „ძველი“ და „უძველესი“, სულაც არ ნიშნავს კარგს. ქართველი ექიმი აცხადებს, რომ ძველი მედიცინა იყო კარგი, თავის დროზე და მისი თანამედროვე რეალობაში გადმოტანა არ არის მართებული.

„რომ გავსკდით მთელი ზამთარი პერეკისის სმით, რატომ? იმიტომ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსული კოსმოლოგიის თუ კოსმოსური მედიცინის კორიფემ, სადღაც რაღაცა მოროშა. რა კოსმოსური მედიცინა? 21-ე საუკუნეში ვართ, მტკიცებითი მედიცინის სამყაროში,“- ამბობს არჩილ მარშანია.

ქართველი ექიმი, ტრადიციულად, ვიდეო-მიმართვას იუმორისტულ ნოტაზე ასრულებს და ამჯერად, მეოცე საუკუნის რუსულ-კოსმოსურ მედიცინას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ გრიპის სეზონზე, სოციალური მედიის საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წყალბადის ზეჟანგი ყველა ვირუსს კლავს. წყაროდ რუსი ექიმი, ივან ნეუმივაკინი სახელდებოდა. მისი თქმით, 15-20 წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, ნებისმიერი სახის ვირუსს, მათ შორის ღორის გრიპსაც დაამარცხებდა. გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მეთოდს არაერთმა ადამიანმა მიმართა.

ავტორი: მარიამ გიგანი