„მისი სახელი ძნელად წარმოსათქმელია, მაგრამ, ღმერთო ჩემო, როგორ მღერის!“ - ფრანგები ანიტაზე

17:39 04-15-2019
76

ჩვენი საამაყო მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი „კარმენით“ ამჟამად პარიზის ნაციონალურ საოპერო თეატრ „ბასტილიას“ იპყრობს. მომღერლის ოფიციალური გვერდი ფრანგული პრესის სტატიას აქვეყნებს.

„მისი სახელი მართალია ძნელად წარმოსათქმელია, მაგრამ, ღმერთო ჩემო, როგორ მღერის! ანიტა რაჭველიშვილმა უკვე სახელი გაითქვა პარიზის ოპერის მაყურებელთა შორის. მის კარმენს აქ კარგად იცნობენ. 2 წლის წინ მან უკვე მოხიბლა ჩვენი კოლეგა კრისტიან პეტერი. ამჯერადაც დიდი სიამოვნებით ვტკბებით ქართველი მეცოს ვოკალური შესაძლებლობებით. შესანიშნავად დაოსტატებულ ტემბრალურ ერთიანობას მოზომილად გამოყენებული მკერდის ხმით, თან ერთვის სილაღე შესრულებაში, რომელიც თანდათან გარდაიქმნება მისი პერსონაჟის ბუნებრივ სექსუალურობად. რაჭველიშვილის კარმენი აერთიანებს ბიზეს და მერიმეს ამ ურთულეს პერსონაჟს. ისე არასდროს შესრულებულა ჰაბანერა მარტივ შანსონეტასავით, როგორც ანიტა რაჭველიშვილის მიერ, ზედმეტი დრამის გარეშე. მისი ბოშების სიმღერა კი თვითგანადგურებას ესაზღვრება: ბოლოს ეს ამაყი კარმენი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მზად არის სიკვდილისთვის.“

ანიტა „ბასტილიის“ აღებას ამ თვის ბოლომდე და მაისის დასაწყისშიც გეგმავს. „კარმენი“ 11, 14, 17, 20, 23, 26 და 29 აპრილს და 2, 5 და 8 მაისსაა ჩანიშნული. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე