გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

16:54 04-15-2019
12

ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიქაუტაძე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ტარდება ორ ეტაპად, კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგებს იგებს თქვენთან ერთად.

პირველი ეტაპი არის ელექტრონული. ტესტების ფორმით ტარდება და გამოსაცდელს დამთავრებისთანავე ეცნობება შედეგი. ხოლო მეორე ეტაპი ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ორი დამოუკიდებელი კომისიის წევრი ამოწმებს და მათ არ იციან ერთმანეთის ვინაობა. ამიტომ ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე ხარვეზი.“- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.  

მისივე თქმით, ტესტები რომლითაც ხდება გამოცდის ჩატარება, არის დაცული. რაც შეეხება ტესტების გაჟონვის ფაქტს, რომელსზეც გამოძიება უკვე დაწყებულია, პასუხს გამოძიება გასცემს.

ამასთან გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ  საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო ახალი წესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების და შეიქმნა ახალი კომისია, რომელმაც გაიარა ტრენინგები.

„ტესტების დაცულობას რაც შეეხება, ეს ტესტები განთავსებულია დამოუკიდებელ სერვერთან, რომელთან წვდომაც არ აქვთ არავის და თითოეული კომისიის წევრი დამოუკიდებლად ავსებს კითხვებს, რომელიც მან შეადგინა. ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია.

„ტესტების გაჟონვის ფაქტი გამოძიების საკითხია და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ამბის შედეგ საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო ახალი წესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების. შეიქმნა ახალი კომისია, რომელმაც გაიარა ტრენინგები აბსოლუტურად შესბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან და აი ამ განახლებული წესით არის ჩატარებული ორი საკვალიფიკაციო გამოცდა და თუ ვინმეს რაიმე შენიშვნა აქვს საქმიანი და არა პოლიტიკური სპეკულაციები, მზად ვართ ნებისმიერ დროს გავიაროთ ეს საკითხი. გამოცდები ტარდება ახალი მედთოდიტ და არანაირი ცდომილება არ არსებობს“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

პარლამენტში დღეს გაკეთდა განცხადებები, რომლის მიხედვიტაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების შემოღება არასასურველი კანდიდატების დაბლოკვის მიზნით ხდება.

 

ავტორი: ჯონი პატარაკაციშვილი