მსოფლიოს რომელ ქვეყანაში გაუფასურდა ფული რეკორდულად - საქართველო 142-ე ადგილზეა

16:20 04-15-2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია ვენესუელაში დაფიქსირდა. ვენესუელაში, სადაც პოლიტიკური კრიზისი თითქმის ერთი წელია პიკს აღწევს, ინფლაციამ (სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება)  1 555 146%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ფულის სრულ გაფუჭებას ნიშნავს, რაც ჰიპერინფლაციური პროცესებითაა გამოწვეული.

 

ფონდის რეიტინგში მეორე ადგილს სუდანი იკავებს. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე არაბულ რესპუბლიკაში ფულის გაუფასურების მაჩვენებელი, გასულ წელს, 73%-ი იყო. მსოფლიოში ტერიტორიების სიდიდით მეთხუთმეტე სახელმწიფო სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.

 

 

მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნებს შორის მესამე პოზიციას ირანის ისლამური რესპუბლიკა იკავებს. ირანში, სადაც წლებია სანქციების გამო ეკონომიკური პრობლემებია, ფულმა მსყიდველობითი უნარი 51%-ით დაკარგა.

 

ფინანსური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა არც მსოფლიოს სიდიდით მერვე ქვეყანაშია. არგენტინაში ვალუტის გაუფასურებამ 48%-იან ნიშნულს მიაღწია.

 

42%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა ზიმბაბვეში. აფრიკული სახელმწიფო, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ფაქტია ვერც ეკონომიკური მდგრადობით დაიკვეხნის.

 

კიდევ ერთი აფრიკული ქვეყანა, რომლის ვალუტამაც მსყიდველობითი უნარი შესამჩნევად დაკარგა, სამხრეთ სუდანია. სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში ინფლაციამ 40%-ს მიაღწია. ცნობისთვის, სამხრეთ სუდანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სულ რაღაც, რვა წლისაა.

 

სავალუტო ფონდის რეიტინგის მეშვიდე ადგილს იემენი იკავებს. იემენში ინფლაციის მაჩვენებელი გასულ წელს 30%-ი იყო.

 

 

საერთო ჯამში, ორნიშნა ინფლაცია მსოფლიოს 21 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის საქართველოს მოსაზღვრე და მთავარ სავაჭრო პარტნიორ თურქეთშიც (20%).

რაც შეეხება საქართველოს, გასულ წელს ქვეყანაში 1.5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგში საპატიო 142-ე ადგილზეა. საქართველოს ინფლაციის უფრო დაბალი მაჩვენებლით მსოფლიოს 50 ქვეყანა უსწრებს.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი