ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

16:04 04-15-2019
925

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომელიც  ე.წ. ქუჩურ გარჩევას სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს..

სისხლის სამართლის კოდექსში და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კოდექსს სპეციალური მუხლი ემატება და დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის, გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.

ქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა.

კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

საკანონმდებლო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტს კი მიმდინარე წლის თებერვალში წარედგინა.