მიქაუტაძე - მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის დროულად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

14:17 04-15-2019
14

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება დროულად, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები გიორგი მიქაუტაძისგან დაინტერესდნენ, უნდა დალოდებოდა თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ვენეციის კომისიის დასკვნას.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა, პირადად ის კანონპროექტს დადებითად აფასებს.

"კანონპროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და მე ვფიქრობ ძალიან კარგია. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს პარლამენტს რომ უზენაეს სასამართლოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება დროულად და მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წლების განმავლობაში საკითხებზე მსჯელობა, რადგან ფაქტობრივად უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი შესაძლოა აღარც მიმდინარეობდეს ძალიან მალე. სულ უფრო და უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი. ამიტომ მე მივესალმები რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, მიქაუტაძე გამოეხმაურა ანა დოლიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვა დღემდე არ მომხდარა.

"ჩვენც არაერთხელ გაგვიხსენებია ის მაგალითები თუ როგორ აკეთებდა პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეების ნომინირებას, რა კადრებს არჩევდა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა სამართლებრივ საფუძვლებით წარადგენდა. ჩვენ ყოველთვის მივდიოდით იმ შედეგამდე რომ პრეზიდენტი საერთოდ არანაირ პროცედურას არ ახორციელებდა.

ეს პროცესი ასე მიმდინარეობდა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს.

კანონპროექტს, რომელიც ბევრ სხვადასხვა პროცედურას და დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს იმისთვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, აკრიტიკებენ, მაშინ როდესაც საერთოდ უპროცედუროდ წარდგენილი კანდიდატები ერთხელაც არავის გაუკრიტიკებია", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი