"მე არავის არ ავაშენებ, ერთად უნდა ავაშენოთ" - გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

13:44 04-15-2019
27

ზესტაფონის მერობისთვის პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა. 

მათი თქმით, მთავარი მიზანია არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” და დასრულდეს “ქართული ოცნების” მმართველობა. წულაიამ ზეტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თანამოაზრეებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. 

"ზესტაფონლებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერონი წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი"- განაცხადა გოგი წულაიამ. 

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" და ,,ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე