ჯულიან ასანჟს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

10:41 04-15-2019
16

ეკვადორის პრეზიდენტის განცხადებით, ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს, „ჯაშუშობის ცენტრად“ იყენებდა.

ლენინ მორენო ასევე განმარტავს, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გაეუქმებინა თავშესაფარი Wikileaks-ის დამფუძნებლისთვის, არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუხდენია გავლენა. ეკვადორის პრეზიდენტის თქმით, ეს ასანჟის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების შედეგად გადაწყვიტა.

„ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი სახლი, სახლი რომლის კარიც გავუღეთ, ჯაშუშობის ცენტრად იქცეს,“- ამბობს ეკვადორის პრეზიდენტი, ლენინ მორენო.

ჯულიან ასანჟის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ეკვადორის მიერ გაჟღერებული ბრალდებები აღმაშფოთებელი და აბსურდულია.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ეკვადორის მხრიდან აღმაშფოთებელი ბრალდებები ისმის, რითაც ცდილობენ გაამართლონ ის უკანონო და უჩვეულო ქმედება, რომლის დროსაც, ბრიტანეთის პოლიციას საელჩოში შესვლის უფლება მისცეს,“- ამბობს ადვოკატი ჯენიფერ რობინსონი.

რობინსონმა ასევე განმარტა, რომ აშშ-ში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ასანჟის შიში გამართლდა, რადგან Wikileaks-ის დამფუძნებელს პენტაგონის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შეღწევასაც აბრალებენ.

ჯულიან ასანჟი ბრიტანეთის პოლიციამ, ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გასულ კვირას გამოიყვანა და დააკავა. მას თავდების პირობების დარღვევის გამო, 12 თვემდე პატიმრობა ემუქრება. ჯულიან ასანჟი, შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ,  ეკვადორის საელჩოს 7 წელი აფარებდა თავს.

ახლა მას ამერიკის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ანალიტიკოსთან, ჩელსი მენინგთან შეთქმულება და შტატების მთავრობის საიდუმლო კომპიუტერში შეღწევა ედება ბრალად, რის გამოც შესაძლოა ასანჟი ოფიციალურ ვაშინგტონს გადასცენ.

ავტორი: მარიამ გიგანი