ზუგდიდში აქციაზე დაკავებული პირი გაათავისუფლეს

21:02 04-14-2019
12

ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირი რომან ჭანტურია გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც მწვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუნორჩილებლობას გულისხმობს. რომან ჭანტურია დღეს საპროტესტო აქციაზე დააკავეს, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ. ის პოლიციამ გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავა, როგორც პოლიცია განმარტავს, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, დაეტოვებინა გზის სავალი ნაწილი.

ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მეორე დღეა მართავენ. ისინი აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე გუშინ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ძმებ დგებუაძეებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, მათი დაკავება უკანონოდ მოხდა, ისე რომ მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.

ავტორი:თეა შონია