ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

18:07 04-14-2019
56

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ბესიკ დგებუაძის დაკავებას აპროტესტებენ, ერთი პირი დააკავეს. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. სამართალდამცველები მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან, დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. დღის განმავლობაში აქციაზე დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.

აქციის მონაწილეები ბესიკ დგებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ. დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.