218 კგ რომ აიტაცა და ჩამოვიდა, მეუბნება, წონას ვერ ვგრძნობ, მჩატეა და იმიტომ ვყანყალებო - ძალოსნობის ნაკრების ექიმის ემოციური პოსტი

12:57 04-14-2019
1933

ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი უცვლელად გთავაზობთ:

,,თქვენ იცით რა არის ბედნიერება პატივცემულებო ?! 

ბევრი ფული ?
აწყობილი ცხოვრება?
თუ რა ?! ბევრმა ალბათ არ იცით ...

აი მე ვიცი...ნამდვილად ვიცი.. 

ახლა, ვზივარ სასტუმროს ნომერში, სრულიად მარტო... ჩავლილია ევროპის ჩემპიონატი... დამანგრეველი 1 კვირა, რომელმაც სახე აღგვიგავა ყველას, პირისაგან მიწისა, მწვრთნელიანა- სპორტსმენიანა-ექიმიანა...

ვიწუწუნეთ.. 
ვიბუზღუნეთ .. 
ცოტა ვიზარმაცეთ.. 
ბევრი ტონა შტანგა ავისროლეთ ცაში... 

ჰოდა ახლა ვზივარ... 
ბოლო 3 კვირიანი მკაცრი შეკრების და რეჟიმის შემდეგ... იმ ბოლო 1 კვირის შემდეგ, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია... ვზივარ და 30 დღის მანძილზე პირველადაა, რომ აზრზე არავარ ვინ სადაა.. ან მწვრთნელი სადაა, ან სპორტსმენი, მთავარია ვზივარ და ვიცი, რომ ჩემი გუნდელები დღეს აღნიშნავენ გამარჯვებას... აღნიშნავენ მედლებს.. ოქრო-ვერცხლებს.. ბრინჯაოებს და ბრძოლით მოპოვებულ გუნდურ გამარჯვებას...

შოთიკო მიშველიძემ (61კგ) და რამინ შამილიშვილმა (61კგ), მოგვცეს დიდი სტიმული საშეჯიბროდ...

მიშველიძემ კვლავ იძაღლა და ახალწელს ნაოპერაციები მენისკი, აკვრის ჭიდის ოქროს მედლად ჩაგვაბარა...

წააქეზეს გულმარდა-ო და გაიგიჟა თავი გოგა ჩხეიძემ (67კგ).. რაც შეეძლო თუ არ შეეძლო ყველაფრის აწევა სცადა.. უარი არ გვითხრა ბრძოლაზე და საპრიზო ადგილსაც გამოჰკრა ხელი.. 

აჩი მალაყმაძემ (73კგ) და ლომია თებიძემ (81კგ) , ახალგაზრდული ჟინით დაგლიჯეს შტანგა... არ შეეპუვნენ უფროსებს, არ შეუშინდნენ წონებს და ქულები წაგვიმატეს გუნდურ ჩათვლაში...

თავისი მიწაწყლის სიახლოვით (მაღალმთიანი აჭარა) სისხლაყივლებულმა რევაზ დავითაძემ(89კგ), ცაში ტყორცნა170 კგ და ატაცში სხვის მიერ დამყარებული 23 წლამდელთა რეკორდი გაასწორა მიწასთან....მიითვალა, უფროსი ასაკის, კიდევ ერთი ოქრო და ორი ვერცხლი, თავის ახალგაზრდულ კარიერაში...

ანტონ პლესნოიმ, (96კგ) თხა თხაზე ნაკლები მგელმა ვერაფერი დამაკლოსო და ტრავმადავიწყებულმა, ქართველ გულშემატკივარს, თავი უფრო მეტად შეაყვარა, ბათუმში მოპოვებული ევროპის პრიზიორის ტიტულით.

ირაკლი ჩხეიძემ, (102 კგ) ცალი ფეხით იმდენი შეძლო, რასაც ორი ფეხით ბევრი ვერ შეძლებს.... იბრძოლა და ატაცში ჟეშტიანჩიკის სახელი ერგო(ზურაბ კახაბრიშვილისგან - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი).. ბრინჯაოს მედალი გვისახსოვრა.

109 კგ ში მე მიპირებდნენ გამოყვანას მაგრამ ბევრი ტრავმები იყო და ამ ეტაპზე ბოდიში მინდა გითხრათ, არ მეცალა. 

მძიმე წონებზე რა ვთქვა.. ენა არ მიტრიალდება.. 
ტალახაძემ ამ ბოლო ერთ თვეში იმდენი სანთელი აანთო, კიდევ ერთი ათი წელი, მთელი ძალოსნობა მაგის მადლით აიღებს მედლებს.

218 კგ რომ აიტაცა და ჩამოვიდა, მეუბნება, წონას ვერ ვგრძნობ, მჩატეა და იმიტომ ვყანყალებო რავქნა რა გავაკეთო.. რეკორდების სათვალავი მე კი არა, მგონი თვითონაც აერია...
უფ, მოკლედ ნადირია რა. როგორც რეზი დავითაძე ეძახის უკანასკნელი მამონტი 

კაპიტანმა კვლავ იკაპიტნა..
ხალხო, არვიცი ეს რანაირი კაცია... 
ჯერ ხომ, ყველა გამომსვლელზე ინერვიულა...დაარიგა...ურჩია... გაამხნევა.... ბოლოს 1 კვირის წინ, აქამდე მოვლილი და სიფრთხილით ჯანმრთელად მოსული, მაინც დაიტრავმა... მაჯა იტკინა....
დავდექით ყირაზე.... ვიხმეთ მედიცინის ღმერთები.... ცოტა ეშველა და ჰე.. დღეს ოპონენტებს თავბედი აწყევლინა, მშობლიური აჭარა და ჩაქვი კი, ცამდე აიყვანა, 34 წლის ირაკლი თურმანიძემ....

ასევე დიდი მადლობა ჩვენს გოგონათა ნაკრებს ... ხათუნა ჯიმშელეიშვილს, მაკა ვეფხვაძეს და ნათია გადელიას.... კარგი გამოსვლისთვის...

ჰოდა აი, ამ ყველაფრის მერე, ვზივარ სასტუმროს ნომერში, მარტო...

წინ მიდგას ლუდი, ძეხვი და შავი პური...
სხვა ვერაფერი ვნახე შეჯიბრის და 06:00 საათზე დაწყებული გრძელი საშეჯიბრო დღის შემდეგ....

ხვალ ოჯახს დავუბრუნდებით ყველანი რამდენიმე დღით..
ზოგს ცოლი ელოდება, ზოგს შვილი ან შვილები... ზოგიერთს დედ-მამა, და-ძმა თუ ბებია-ბაბუა 

და მერე, ცოტახანში, ისე მოგვენატრება ერთად ყოფნა, რომ ვეღარ გავძლებთ, ისევ შევიკრიბებით, ისევ ვივარჯიშებთ, ისევ გავამხნევებთ ერთმანეთს, ისევ წავალთ ევროპაზე, მსოფლიოზე და ისევ აგივსებთ სიხარულით გულებს....