ვინ არის მსოფლიოს 7 ყველაზე მდიდარი ადამიანი

21:34 04-13-2019
845

ჟურნალ "ფორბსის" რეიტინგის მიხედვით პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიას სათავეში ამერიკელი მილიარდერი და "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი უდგას. ბიზნესმენის ქონება 151 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 55 წლის ბეზოსის ქონება წინა თვესთან შედარებით 79 მილიონით შემცირდა, თუმცა ის მილიარდერებს შორის მაინც უპირობო ლიდერი. 

 

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე ადგილს ბილ გეითსი იკავებს. 63 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა, გასულ თვეში, კაპიტალი 410 მილიონით გაზარდა და ახლა მისი ქონება 99.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბილ გეითსი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელია.

 

უმდიდრესი ადამიანების სიაში ორ ამერიკელს ფრანგი ბიზნესმენი მოსდევს. ბერნარდ არნაულტის ქონება 91.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 70 წლის მოდის ინდუსტრიის მაგნატის ქონება გასულ თვეში ნახევარი მილიარდით შემცირდა. 

 

მეოთხე ადგილს მილიარდერების რეიტინგში უორენ ბაფეტი იკავებს. 88 წლის ამერიკელი ბიზნესმენის ქონება, რომელსაც"ომაჰას ორაკულის" სახელით იცნობენ, 86.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ-ერთი უხუცესი მილიარდერის ქონება ბოლო დროს მილიარდზე მეტით გაიზარდა. 

 

საპატიო მეხუთე ადგილს უმდიდრესთა შორის ამანსიო ორტეგა იკავებს. ესპანელი ბიზნესმენი, რომელიც 83 წლისაა, ჯამში 66.9 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. "ზარას" დამფუძნებლის კაპიტალს, გასულ თვეში, ნახევარ მილიარდზე მეტი დააკლდა.

 

მილიარდერებს შორის მეექვსე პოზიციაზე "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია. 34 წლის ამერიკელმა გასულ თვეში კაპიტალი 578 მილიონით გაზარდა და ჯამში 66.6 მილიარდი დოლარის დაგროვება შეძლო.

 

და ბოლოს, მსოფლიოს უმდიდრეს ბიზნესმენთა შვიდეულს ლარი ელისონი ასრულებს. 74 წლის ამერიკელი ტექნოლოგიების მაგნატი მასზე ერთი პოზიციით წინ მდგომს 700 მილიონით ჩამორჩება. ელისონის ქონება ამ დროისთვის 65.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი