Ecxlusive რა დამთხვევა მოხდა დები თათარაიძეების ვარსკვლავის გახსნაზე

19:25 04-12-2019

14 აპრილს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ფოლკლორისტი დების - ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი იხსნება. ლელა ცნობილია თავისი დაუვიწყარი ხმით ნამღერი სიმღერებითა და ფანდურსა და გარმონზე შესრულებული სულში ჩამწვდომი მელოდიებით, ეთერი - ძარღვიანი ლექსებითა და უკვდავი ფოლკლორით. ვარსკვლავის გახსნა, თუში დებისთვის სიმბოლურად, ფილარმონიაში 40 წლის წინ ჩატარებული ხალხური პოეზიის საღამოს თარიღს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი - სწორედ 14 აპრილს დადგეს პირველად ფეხი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე. სამჯერ გადაიდო ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი. ორჯერ ლელას ყელის ტკივილის მიზეზით. 

„რეჟისორმა ნიკამ შველიძემ რომ დამირეკა და მამცნო, საბოლოოდ 14 აპრილს გადაწყდა გახსნაო, ვაიმე-მეთქი, შევიცხადე! კვირაა და რატომ შეიცხადეო? 14 აპრილს ფილარმონიის სცენაზე მე და ლელამ პირველად დავდგით ფეხი-მეთქი. საზოგადოების წინაშე რომ გამოვჩნდით, მე 23 წლის ვიყავი, ლელა - 30-ის. ასეთი დამთხვევა ნამდვილად საკვირველებაა“ – „პრაიმტაიმს“ ემოციებს უზიარებს ეთერ თათარაიძე. 

თათარაიძეების ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო 8-ის ნახევარზე იწყება და მრავალფეროვანია. პოეზია, ფოლკლორი, სიმღერა... ლელასთან ერთად იმღერებენ ანსამბლები, სოლო შემსრულებლები. მსახიობები წაიკითხავენ ლექსებს, მათ შორის ქალბატონი ეთერიც. გაჟღერდება ლაღი თუშური მელოდია, რითმები... 

ეთერ თათარაიძე: - ორივე და ვარსკვლავობისგან ძალიან შორს ვართ. გულწრფელად. ეს ჩვენი ხალხის სიყვარულის გამოხატულებაა. ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო ფაქტია. არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა, ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს-მეთქი. ნიშნავს, თუ აკეთე ბევრი და ამ ფორმით მადლობას გეუბნებიან. ჩვენს გარშემო კეთილი ხალხი ხართ და უფალმა ეს სიყვარული მოგვმადლა. ყველას მადლობას გეუბნებით. 

- თქვენი ნამოღვაწარიდან რა გეამაყებათ? 

- მეამაყება, რომ ვარ ფოლკლორისტი და ჩემი ქვეყნის სულის მოძრაობა ვიცი, რა სჭირდა და რას ჭირს ახლა. უფლისგან დიდი საჩუქარია, რომ ამ პროფესიას დამაახლოვა და მამსახურა მთელი ცხოვრება. და კიდევ ის, რომ გვერდით ამავე პროფესიის ადამიანი მყავს და ჩემთან ერთად საქართველოს მთას და ბარს უვლის. ახლაც გვერდით მყავს და მივდივართ ჩემი კაბის წამოსაღებად. დაჩაგრულია, ხმას არ იღებს, მემსახურება. ვეუბნები, მე და შენ ერთად გავხსნათ ვარსკვლავი-მეთქი. ახლა შეკვეთაზე ვმუშაობთ, პროზაული და პოეტური კრებულის  ორი ტომი გამოვა.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე