Exsclusive - გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს

14:41 04-11-2019
99

პატიმარი, ელგუჯა კვარაცხელია უკვე ათი დღეა შიმშილობს. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამჟამად საავადმყოფოშია. ელგუჯა კვარაცხელია 2 მაისიდან მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს. ის სხვისი ნივთის მოპარვის გამოა პატიმრობაში.

„პრაიმტაიმი“ პატიმრის ადვოკატს დაუკავშირდა. როგორც კვარაცხელიას დამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და პირადი ანგარიშსწორების მიზნით, გამოძიება და სასამართლო პროცესები პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად გლდანის მე-8 საპყრობილესთან არსებულ ციხის საავადმყოფოში ექვსი დღის წინ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 10 დღიანი შიმშილის გაო. უკვე ერთი წელია სასჯელს იხდის რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სულ მისჯილი აქვს 5.5 წელი პროკურატურა სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას ედავება. თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მეტრო სადგურში ქალბატონს მობილური ტელეფონი ამოაცალა. თუმცა, ჩხრეკის დროს ნივთი ვერ ამოიღეს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ელგუჯამ ჩოჩქოლისას პატრონს ტელეფონი ისევ უკან დაუბრუნა. ელგუჯას არ მოუპარავს ეს ნივთი. ჩვენ მოვითხოვეთ დნმ-ს ექსპერტიზის ჩატარება და სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება. მიუხედავად მოთხოვნისა, არც არც ჩანაწერები ამოიღეს და არც ექსპერტიზა ჩაატარეს.

ადვოკატის თქმით, პატიმარი ეჭვობს, რომ პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლია და არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას. „ადრე იყო დაკავებული, რომელ საქმეშიც გამართლდა. შემდეგ ისევ დააპატიმრეს და აღიარებითი ჩვენება დააწერინეს. პირობითი მსჯავრის გაფორმებაზე შეთანხმდნენ და ამიტომ. ამის შემდეგ, დაემუქრნენ, რომ მას ისევ „გაუჩალიჩებდნენ“ და შეუთითხნეს ეს საქმე, მოწმეებიც მათი მოყვანილია. მოსამართლემ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას დაეყრდნო, არ გაითვალისწინა ბრალდებულის ჩვენება. არც მტკიცებულებების ერთობლიობა იყო“ – „პრაიმტაიმს“ ალექსანდრე ზუბიშვილმა განუცხადა.

ელგუჯა კვარაცხელიას საქმეზე 2 მაისს სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს. ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარი ახლა მხოლოდ წყალს მიირთმევს. ამბობს, რომ თუ შესაბამის ყურადღებას არ მიაქცევენ, მაშინ სასამართლოს შემდეგ 2 მაისიდან მშრალ შიმშილობაზე გადავა. თუმცა, ვიმეორებ, რომ უკიდურესად დამძიმებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი