იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში 700 წლის შემდეგ პირველად შვიდგზის ზეთისცხების რიტუალი ჩატარდა

14:13 04-11-2019
71

 იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, გასულ წელს პირველად, შვიდმა ქართველმა სასულიერო პირმა ზეთისცხების რიტუალი ჩაატარა, რომლის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა..

იერუსალიმში 700 წლის შემდეგ, დღეს პირველად ჩატარდა შვიდგზის ზეთისცხება ქართულ ჯვრის მონასტერში! შეეწიოს უფალი მთელ საქართველოს! გილოცავ ყველას! - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესის შემადგენლობაში შედის. ქართული მონასტერი, საბოლოოდ, XVIII საუკუნის დასაწყისში ბერძნების იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. თურქ-ოსმალების მიერ მონასტრებისთვის დაწესებული გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ მისი გადახდა ბერძნებმაც კი ვერ შეძლეს და საპატრიარქო, კონსტანტინოპოლში გადაიტანეს.

საქართველოში, მძიმე პერიოდი იდგა და ძალიან გაჭირდა აქედან მონასტრის შენახვა. ქართველთა გავლენა თანდათან შესუსტდა და ბოლოს, XVII საუკუნის დასასრულს, ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად, ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა.

1855 წელს აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა 1908 წლამდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკებზე შლიდნენ ქართულ კვალს. 1948-1958 წლებში, მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1960 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).

არსებობს ანდერძი იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზისა, რომელშიც ის წერდა: „მონასტერი ეკუთვნით იბერიელებს და თუ მათ ოდესმე გაუჩნდებათ სახსარი და სურვილი, ჩვენ მონასტერი მათ უნდა გადავცეთო“. ბოლო დრომდე სავანეში აქტიური საეკლესიო ცხოვრება არ იყო, ლიტურგია წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ჯვართამაღლებას ტარდებოდა ბერძენი მღვდელმსახურის მიერ.

მონასტერში შემორჩენილია უამრავი ნივთი, რაც საქართველოს უკავშირდება. ტაძარში, მოზაიკაზე იყო ლითონის ფირფიტა წარწერით: - ქართველნო, დექით მტკიცედ და შეურყევლად“.

ეს ფირფიტა დღეს მონასტრის მუზეუმში ინახება. ტაძარში დაცულია ქართველი სამღვდელო პირების შესამოსელი, ძველი ქვევრები. აქვე მდებარეობდა კვიპაროსის ძალიან დიდი ხე. მონასტრის ულამაზეს ეზოში დგას ლიმონის ხე, რომელიც უშვილოთა შემწეა.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: 



ავტორი: რუსა ღვანიძე