Exclusive წყალში გადაყრილი მილიონები და 5-წლიანი უწყლობა საგარეჯოში

15:51 04-09-2019
288

„21-ე საუკუნეში უწყლოდ, ველურებივით ვცხოვრობთ. წლებია წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრას გვპირდებიან, თუმცა შედეგი - ნული. გადათხარეს გზები, რომელიც წვიმის დროს ტალახდება. ჩვენ კი ამ ტალახის ჩამოსარეცხად წყალი არ გვაქვს. სხვა საჭიროებებს რომ თავი დავანებოთ, მოუწესრიგებელ და გადათხრილ გზებზე ავტომობილების გადაადგილებაც პრობლემაა. ხშირად საკუთარ სახლამდე ვერ მიგვიღწევია წესიერად. ზაფხულში არის შემთხვევები, როდესაც  რამდენიმე დღე წყალი საერთოდ არ მოგვეწოდება.“- უყვება „პრაიმტაიმს“  საგარეჯოს  მკვიდრი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საგარეჯოს მოსახლეობას წყალგაყვანილობის  სისტემის შეცვლას და 24-საათიანი წყალმომარაგების რეჟიმზე გადასვლას,  ჯერ კიდევ  2014 წელს დაჰპირდნენ. მათი თქმით, პროექტის თანახმად, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს აჭარბებს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.

მიუხედავად დაპირებისა, საგარეჯოელებს  წყალი, დღემდე, 3-4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებათ. ინფორმაციას საგარეჯოს სერვის ცენტრის ხელმძღვანელიც ადასტურებს და აცხადებს, რომ 2019 წლის ნოემბერში დაიწყება წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი, რის შემდეგაც 2020 წლის ბოლოს საგარეჯოს მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. გამოდის, დანაპირები, რომელიც 2014 წელს გაიცა სავარაუდოდ 6 წლის დაგვიანებით შესრულდება.

სამუშაოების მრავალწლიან გაჭიანურებას საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი ასე განმარტავს: „პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასებით ხორციელდება და ქსელის მოწყობას ახორციელებდა კომპანია თბილი სახლი. გარკვეულ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, იმის გამო, რომ კომპანიას ხარჯი სწორად დთვლილი არ აღმოაჩნდა. ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს ტენდერი და გამარჯვებული კომპანია დაასრულებს ქსელს. მიეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია თბილ სახლს ცნობილი არ არის.”

რა გაკეთდა 5 წლის განმავლობაში?

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად  მოეწყო მაგისტრალური ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. თუმცა არ დამონტაჟებულა აღრიცხვის კვანძები. შესაბამისად, გადათხრილი ქუჩების ნაწილზე გზის დაგება ვერ ხერხდება.

რა უნდა გაკეთდეს?

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, საგარეჯოს სრულფასოვანი წყალმომარაგებისთვის 2000 მ3 მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა და არსებული 5 რეზერვუარის კაპიტალური რეაბილიტაციაა საჭირო. მათივე ცნობით, დასამონტაჟებელია 3500 აღრიცხვის კვანძიც.

უცნობია, დაძლევენ თუ არა საგარეჯოელები უწყლობის პრობლემას 2020 წელისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ წლების წინ მიცემული დაპირება ჯერჯერობით კვლავ დაპირებად რჩება.

ცნობისთვის, დღემდე, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის (გურჯაანის გარდა) წყალმომარაგება გრაფიკით ხორციელდება.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი