რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეოს ასაჯაროებს

22:56 04-08-2019
118

რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირირების ვიდეოს ასაჯაროებს. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ შორის არის ბერი გაბრიელი, რომელიც ეპარქიის 14 სასულიეო პირს ცემაში ადანაშაულებს. 

ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი, — ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ბერმა გაბრიელმა ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გადაცემა იმედის კვირაში ისაუბრა. სიუჟეტის მიხედვით, ბერსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება Facebook live-ში ლოცვების წაკითხვის აკრძალვის შემდეგ დაიწყო.

23 მარტს მამა გაბრიელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ლოცვა აუკრძალა და მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა. იმედის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბერს, სასულიერო პირებსა და მიტროპოლიტს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დაპირისპირება მოხდა.

სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-მდე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი. მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყამდა, მათ სახეებსაც ვერ ვხედავდი, — იმედის ცნობით, დაწერა ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

ბერი გაბრიელი რუსთავის წმ. პეტრე-პავლის სახელობის მონასტერში 8 თვე მსახურობდა. მას რუსთავის ეპარქია 27 მარტს დაატოვებინეს.