გოგორიშვილი გვენეტაძეს- თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ 2000-4000 ლარი შეიძლება სესხად დასჭირდეს ადამიანს

22:39 04-08-2019
44

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას აქცენტი საბანკო რეგულაციებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ამ რეგულაციების გაუქმებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმედი არ აქვს.

„თავიდან მქონდა განცდა – ეროვნულ ბანკს აქვს ასეთი მოდუსი, რომ თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას დაიცავს კბილებით. მაგრამ მერე ვნახე თქვენი დეკლარაცია ბატონო კობა და მივხვდი, რომ თქვენ უბრალოდ ასე აზროვნებთ. თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ. თქვენ არ ცხოვრობთ რეალურ საქართველოში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სესხი და თქვით კიდევაც, რომ სესხი არასდროს გქონიათ, მით უმეტეს ვერ წარმოიდგენთ, რომ 2000-3000-4000 ლარი შეიძლება სესხად დაჭირდეს ადამიანს, იმიტომ, რომ ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია. ამიტომ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ნუ მივანდობთ ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვენი მოქალაქეების ბედის გადაწყვეტილებებს ისეთ ადამიანს, რომელსაც წელიწადში შემოსავალი 405 ათასზე მეტი აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ხათუნა გოგორიშვილმა კობა გვენეტაძე ლარიზაციის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც კობა გვენეტაძე მოუწოდებს ყველას ყველაფრის ლარში გადატანას, თავად დანაზოგების უმეტესობა დოლარში აქვს.

„თქვენ მოგვიწოდებთ და გვმოძღვრავთ, ყველაფერი გადავიტანოთ ლარში, მაგრამ ამ დროს, თქვენი 41 საბანკო ანგარიშიდან და ძალიან სიმბოლურია, რომ 41 საბანკო ანგარიში გაქვთ, 16 არის სადოლარე, 25 არის ლარის. ამ სადოლარე ანგარიშზე 585 482 დოლარი გაქვთ, გაცილებით მეტი ვიდრე ლარში. ყველას ასწავლით, რომ ლარში ჰქონდეს დანაზოგი, თქვენ პირადად გაქვთ დოლარში“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.