მამუკა ბახტაძე - გვქონდა სრულიად უპასუხისმგებლო და თაღლითური დაკრედიტების სისტემა

22:50 04-04-2019
22

საქართვე​ლოში გვქონდა სრულიად უპასუხისმგებლო და ხშირ შემთხვევაში, თაღლითური დაკრედიტების სისტემა. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თუმცა საქართველოში არასოდეს დაბრუნდება რეალობა, რომელიც 600 000-ზე მეტ ადამიანს შავ სიაში მოახვედრებს.

„ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულიად უპასუხისმგებლო და ხშირ შემთხვევაში, თაღლითური დაკრედიტების სისტემა, როდესაც წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცემოდა და კარგად გვახსოვს, რა კაბალურ პირობებთან ჰქონდათ შეხება ჩვენს მოქალაქეებს. ადამიანი აიღებდა სესხს, მაგალითად 1000 ლარს, დაფარავდა ძირ თანხას, 800 ლარს, რჩებოდა 200 ლარი და გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი ჯარიმას უანგარიშებდა 1000 ლარიდან. ან სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ამის გამო, შეიძლებოდა, ბინა დაეკარგა; გვქონდა 300, 400, 500-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი, ეს ყველას კარგად გვახსოვს და ეს წარსულს ჩაბარდა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით შემოღებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერი, მაქსიმალური ლიმიტები ჯარიმებსა და საურავებზე, მათ ნებისმიერ დასახელებაზე, რაც ასევე იყო თაღლითობის ერთ-ერთი მექანიზმი და ამ გენერალურ ხაზს მთავრობა არ გადაუხვევს, ამის იმედი ნურავის ექნება.“ – განაცხადა პრემიერმა.