„შეხვედრას მთხოვდა და გაბრაზდა“ - ზვიად რატიანის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას განცხადებაზე

13:48 03-29-2019
1992

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ტელეკომპანიატვ პირველისეთერში, შს მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა, ავსტრიაში, მყოფმა პოეტმა საკუთრი თარგმანის პრეზენტაციაზე „სკაიპის“ საშუალებით გუშინ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის ეს ყველაფერი მოსალოდნელი და წარმოსადგენი იყო, იმიტომ რომ იმ ადამიანს პირადი წყენა აქვს ჩემ მიმართ. შეხვედრას მთხოვდა და გაბრაზდა, რომ არ შევხვდი. მე წერილებს არა, ფლეშკებს მიგზავნიდა, სადაც ჩემი დაკავების ჩანაწერი იყო.

დღეს, რა თქმა უნდა, ვცდილობ ამ ამბით არ ვიცხოვო. არც მძევალი ვიყო ამ ამბის. ძალიან ნეიტრალური სიტყვა რომ გამოვიყენო, ეს არის მეტად უსიამოვნო ამბავი, რომელიც კიდევ უფრო უსიამოვნოდ გაგრძელდა. მთელი იმ რვა თვის მანძილზე, რაც მომხდარის შემდეგ საქართველოში ვიცხოვრე, მადლიერი ვიყავი ადამიანების მათი მხარდაჭერის გამო, ეს ძალიან ამაღელვბელი იყო.

ეს არის სახელმწიფოს და ერთი კაცის ამბავი, ერთი კაცისთვის რომ მოიცლის სახელმწიფო. გარკვეულწილად ალბათ ცუდი მოქალაქეც ვიყავი, ნაკლებად ვაჩენდი ხოლმე ჩემს სამოქალაქო პოზიციებს, ჩემთვის ვცხოვრობდი, მაგრამ ცხოვრება გამომიცვალეს, ეს ფაქტია.

როდესაც ტედ ჰიუზის „ყვავს“ თარგმნი, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ცხოვრებაშიც დაგემართოს, მეც ეს წიგნი დამემართა, რაღაც გაგებით“.

ეს კომენტარი ზვიად რატიანმა წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. გამომცემლობა „ინტელექტმა“ ტედ ჰიუზის „ყვავი - მისი ცხოვრება და სიმღერები“ ზვიად რატიანის თარგმანით გამოსცა. მთარგმნელი პრეზენტაციას „სკაიპის“ საშუალებით დაესწრო. ღონისძიებას მწერალი ზვიად კვარაცხელია უძღვებოდა, რომელმაც შს მინისტრის ბოლო განცხადებასთან ერთად, ზვიად რატიანს ავსტრიაში ცხოვრების შესახებაც დაუსვა შეკითხვა.  

ზვიად რატიანის თქმით, თვლის, რომ გაუმართლა, რომ გამოჩნდა საშუალება, საცხოვრებალად ავსტრიაში გადასულიყო:

„ნორმალურად ვცხოვრობ, საყვედური არ მეთქმის, ვთვლი, რომ გამიმართლა ეს საშუალება რომ გამოჩნდა, ვცდილობ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და ვიმუშავო, თუმცა, ყოველთვის არ გამომდის - სამშობლოდან შორს ვარ, ადამიანები მენატრება, ბუნებრივია, ამას ზედმეტი ხაზგასმაც არ სჭირდება, არის ხოლმე პერიოდები, როცა ძალიან ჭირს“.

არც ერთი წუთით, იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ" - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით TV პირველის ეთერში თქვა და დასძინა, რომ "იმ სამწუხარო, არა ტრაგიკული, სამწუხარო შემთხვევიდან ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და რეალურად, ხარისხობრივად ბევრი რაღაც გავასწორეთ. არც ერთი წუთით, იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ, იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სად ვართ, რას ვამბობთ, იმაზეც".

ავტორი: გვანცა ჯობავა