„იმ საბედისწერო ღამეს დარწმუნებული ვიყავი რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი“ - ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე

17:52 03-26-2019
1143

„იმ საბედისწერო ღამეს დარწმუნებული ვიყავი რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი“ - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ რუსიშვილმა, რომელსაც ორ კოლეგასთან ერთად ბრალი 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე წარუდგინეს.

კიდევ ერთი ბრალდებული გია სადაღაშვილი კი ამბობს, რომ იმ დღეს პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.

„პოლიციის კანონი ჩვენ გვავალდებულებს საზოგადოებას საფრთხე თავიდან ავარიდოთ. ჩვენს შემთხევავაში, როდესაც ეს ხდებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციას ის სხვის სიცოცხლეს ზიანის მიყენებით ემუქრებოდა. როდესაც ესეთი რაღაცა ხდება ვერც წარმოვიდგენდით, რომ ეს უკანონო ბრძანება იყო, ასე რომ ჩვენ უკანონო ბრძანება არ შეგვისრულებია და თავს დამნაშავეხ არ ვგრძნობ“, - განაცხადა დასკვნით სიტყვაში ბრალდებულმა გია სადაღაშვილმა.

ამით ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლებს - ნუკრი ხაბელაშვილს,ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებათ.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2018 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი წინასწარი პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ავტორი: მახო მიქელაძე