ნიკოლოზ რაჭველი: „მოგვეცით ფილარმონია... დარბაზი არ გვაქვს... მაგრად "ტეხავს", ჩემო სამშობლოვ“

17:05 03-26-2019
430

უკვე მერამდენე წელია საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი უდარბაზობის პრობლემაზე წერს და წუხს, წუხს და აპროტესტებს... დიდი ხანია ევგენი მიქელაძის სახელობის საშესმრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნახევრად ავარიულ შენობაში ატარებს რეპეტიციებს. გაყინულ კედლებში მორეპეტიციე ორკესტრის წევრების ხელფასების მომატებასაც არა ერთხელ ითხოვდა მაესტრო. ამჯერად, როცა დღის წესრიგში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მმართველის ადგილი გამოთავისუფლდა, რაჭველი საზოგადოებას, პრემიერ მინისტრს, კულტურის და ეკონომიკის მინისტრებს თხოვნით მიმართავს. 

“ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი კულტურისათვის, იმსახურებს, რომ ჰქონდეს დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი. რატომ ფილარმონია? - სახემწიფოებრივი მნიშვნელობის სიმფონიური კოლექტივი, ფილარმონიული დარბაზის კოლექტივი ფილარმონიული დარბაზის რეზიდენტია. მსოფლიოში ჩვენი ორკესტრი მოხსენიენულია, როგორც საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი. თვითონ ეს სიტყვაც დარბაზისა და სიმფონიური ორკესტრის შესაბამისი სიტყვაა. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ამჟამინდელ მმართველ ჯგუფს შეუწყდა ხელშეკრულება, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ განაახლოს ფილარმონიის ბედი, ჩვენ სამართლიანად მივმართეთ მათ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა” - სოციალურ ქსელში წერს ნიკოლოზი. 

როგორც მაესტრო წერს, საკონცერტოდ სივრცის დასაქირავებლად მინიმუმ 15.000 - 25.000 ათასი ლარი უნდა იშოვნონ, ხოლო ზოგ სახელმწიფოს კუთვნილ დარბაზში ფულის გადახდითაც არ გვიშვებენო. „მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული ორკესტრი წარმატებით გამოდის ჰამბურგის, ბერლინის, ფრანქფურტის, პარიზის, პეტერბურგის, სტრასბურგის, ამსტერდამის, ტალინის ფილარმონიებში საკუთარ სამშობლოში სამოღვაწეოდ დარბაზი არ გვაქვს. მოკლედ, მაგრად "ტეხავს" ჩემო სამშობლოვ, მაგრად...“ - წერს ნიკა. 

პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი შამანაური, მესაყვირე.

„უკვე წლებია ამ ქვეყნისგან ვითხოვთ დახმარებას და ყველას ჰკიდია ის, რომ ყოველ დღე 120 ადამიანი ერთმანეთს ხვდება საშინელ პირობებში და მიუხედავად სიძნელეებისა, მაინც ვუღიმით ერთმანეთს და ვანუგეშებთ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი...! ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და თურმე უდიდესი ტვირთია... მოგმართავთ თქვენ, მოქალაქეებო... მოგვეცით ფილარმონია და ჩვენ გასახელებთ...! გთხოვთ გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და დაგვეხმარეთ ამ უსამართლობის დამარცხებაში“ - წერს ორკესტრის მუსიკოსი.

ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზი - ფილარმონია, კულტურის მინისტრის მოადგილის ბიზნესია, თუმცა, დოკუმენტებით მიხეილ გიორგაძეს ეს ბიზნესი ახლო მეგობრებზე აქვს გაფორმებული. ფილარმონია კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთს“ 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული. თუმცა, უკვე 8 წელია, სახელმწიფოს ფულს არ უხდის და ხალხის უკვე 3 მილიონ ხუთასი ათასი ლარი მართებს. ინთერნეიშენალ ივენთი 1,5 მილიონი ლარის ჩამოწერას, დანარჩენი თანხის კი 9 წელზე გადანაწილებას ითხოვს - ვკითხულობთ „რუსთავი 2“-ის გვერდზე. 

„თუკი ჩამოერთვა მართვის უფლება იმ ორგანიზაციას, ვერ ვხვდები, რა პრობლემაა, რომ მიქელაძის სახელობის ორკესტრს დაუბრუნდეს ფილარმონია, რომელიც, წლების წინ, სწორედ ამ ორკესტრისთვის აშენდა, როგორც ვიცი, ალექსი მაჭავარიანისა და ჯანსუღ კახიძის ინიციატივით?“ - თემას ეხმაურება სვიმონ ჯანგულაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მისი უწმინდესობის გუნდის რეგენტი. 

სვიმონი იმედოვნებს, რომ საქმე ისე გადაწყდება, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იქნება. „იმ ორგანიზაციას კი, ვფიქრობ, მერეც შეეძლება საკუთარი პროექტების აქ განხორციელება - ჯაზ-ფესტივალების ჩატარება (სხვა არც გაუკეთებიათ მე მგონი არაფერი). ამაზეც შეიძლება მე მგონი მოლაპარაკება. სირცხვილია, ქვეყნის მთავარ ორკესტრს დარბაზი არ ჰქონდეს და აქ, დაკეტილ დარბაზს ფიტნეს-ცენტრითა და ფართების გაქირავებით ინახავდნენ...“

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე