სერგი კაპანაძე - განათლების მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

16:19 03-26-2019
10

ია კერზაიას საქმეს ნათელი, რომ მოეფინოს განათლების მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ,,სამართლიანი არჩევნების'' ანგარიშმა საქმესთან დაკავშირებით ბევრი რამ აჩვენა. აუცილებელია ასევე, განათლების კომიტეტში მთავარი პროკური მივიდეს.

,,მეოთხე თვეა საზოგადოება ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით გამოიძებას ითხოვს. ჩვენ განათლების მინისტრი დაბარებული გვყავდა, რომელსაც კითხვები დავუსვით. ამის შემდეგ თითქოს დაიწყო გამოძიება. მაგრამა არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ საქმეში, იბარებდნენ ქალბატონ იას და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ ყველანი თავიანთ თანამდებობებზე არიან. განათლების სამინისტროს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. დღეს, ,,სამართლიანმა არჩევნებმაც'' გამოაქვეყნა ანგარიში, რომელმაც კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი ვარაუდი. უკვე დროა, ამ ყველაფერს რეაგირება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ამ საქმეს, რომ ნათელი მოეფინოს განათლების მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ,,ევროპული საქართველო'' ასევე ითხოვს, რომ მთავრი პროკური განათლების კომიტეტში მოვიდეს, '' - განაცხადა კაპანაძემ. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შესახებ წარადგინა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

პედაგოგის შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაია რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.

სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.