ზუგდიდის დაკავებული ყოფილი მერის ოჯახი სახლს $240 ათასად ყიდის

15:13 03-26-2019
1546

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ოჯახი ზუგდიდში სახლს ყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია Myhome.ge-ზეა გამოქვეყნებული.

საფასური განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, გრაფაში კი  წერია – „ფასი შეთანხმებით“.

„პრაიმტაიმმა“ ლაშა გოგიას მამისგან შეიტყო, რომ ამ უძრავი ქონების ღირებულება 240 ათასი ამერიკული დოლარია.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია გასული წლის ნოემბერში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღების ბრალდებით დააკავეს. მისი და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღესაც გადაიდო.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

 

ავტორი: თეა შონია