Exclusive ერეკლე ბადურაშვილს წინათგრძნობა ჰქონდა - „ფეისბუქში გიო ხუციშვილის ფოტოებს აჩემებულად დებდა - გიო, ჩვენ ერთად ვართო“

14:44 03-25-2019
15257

ეროვნულმა კინოცენტრმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. დღეს რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გვითხრა, რომ ერეკლეს გრიპი ჰქონდა, ორჯერ არ გაჰყვა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. „მესამედ უკვე წასაყვანად რომ მოაკითხეს, ორივე თირკმელი გათიშული ჰქონია. ერეკლეს სუსტი თირკმელები ჰქონდა. მახსოვს, თირკმლის გამო კომაშიც კი იყო. არც ვიცი, ორივე სრულყოფილად მუშაობდა თუ არა. ფაქტობრივად, გათიშული წაუყვანიათ და ვერაფერი უშველეს“ - გვიყვება რეჟისორი ნანა ჯანელიძე. 

„ხიდი“

ერეკლე ბადურაშვილი ბოლო ოთხი წელია კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. თურქულ მხარესთან ერთად იღებდა ფილმს „ხიდი.“ გადაღებები ორი წლის წინ დაიწყო და სტამბულში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობდა. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე თამაშობს.

width=600

ზურაბ ცინცქილაძე: - სამწუხაროა, გასახსენებლად რომ გამიხდა საქმე. ორი დღის წინ ვისაუბრეთ, გადაღებები დანიშნული იყო. ფილმს ვამთავრებდით... და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგე, ვერ შევგუებულვარ.

- როგორი იყო ბოლო პერიოდში?

- განსაკუთრებულად კეთილშობილი. სამწუხაროა, „იყოს“ რომ ვამბობ.

- ფილმი რაზეა?

- ჩემი გმირი, დავითი, 60-იან წლებში მიდის სტამბულში, იქ ირთავს ცოლს. მისი შვილი სამშობლოში ბრუნდება და აქ სიყვარულს პოულობს. ეს ფილმი ერეკლეს ძალიან უყვარდა და მის გარდა საფიქრალი არაფერი ჰქონდა. გამუდმებით მის ირგვლივ საუბრობდა. მე დავ ერეკლე ამ ფილმმა განსაკუთრებით დაგვაახლოვა. 

- წინათგრძნობა ხომ არ ჰქონია?

- ფეისბუქზე ბოლო დროს გიო ხუციშვილის ფოტოებს დებდა, აჩემებულად, გიო, ჩვენ ერთად ვართო... როგორც ჩანს, ჰქონდა წინათგრძნობა. მე გარდაცვლილი მეგობრები დამესიზმრნენ წუხელ...

width=600

ბოლო ავტოპორტრეტი

ნანა ჯანელიძე: - მე მის ფილმს „ავტოპორტრეტს“ გავიხსენებ, რომელიც არაჩვეულებრივად ნიჭიერი და მოულოდნელი ფილმია. ერეკლეს მძიმე წლების გავლა მოუწია, რომელიც სამუშაოდ და შესაქმნელად ყველაზე კარგი ასაკი იყო. 90-იანი წლები მისთვის გაგრძელდა და საბედისწერო აღმოჩნდა. თითქოს მთელი ცხოვრება მოისწრაფვოდა იმ ფილმისთვის, რომელიც ახლა იქმნებოდა მის ხელში და რომელიც, სამწუხაროდ, ვერ დაასრულა. როგორც მითხრეს, ხუთი გადასაღები დღე ჰქონდა დარჩენილი. ალბათ, ვინმე დაასრულებს და იქიდან გამოიხედავს ის ერეკლე, რომელიც არაჩვეულებრივი იყო ფილმით „ავტოპორტრეტი“. იმედი მაქვს, ფილმი „ხიდი“ მისი ცხოვრების საბოლოო ავტოპორტრეტი იქნება. ამ ფილმს ელოდებოდა, ლამის ემსხვეპლა მის გადაღებას. ცოტა თანხა იყო, ამას განიცდიდა. ზოგადად რთულია ფილმის გადაღება და როდესაც მცირე აქვს ბიუჯეტი, სიკვდილიდ ტოლფასია. 

width=600

„ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები მიდიან“

ბასა ფოცხიშვილი: - ახლა გავიგე, არც ვიცი რა ვთქვა.  ფანტასტიკური ადამიანი, შესანიშნავი რეჟისორი იყო. კინოსტუდიაში რომ მივედი, იქ იყო. ჩემზე უფროსია. მაშინ ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერ რეჟისორად ითვლებოდა. ცუდი პერიოდი დაემთხვა. რამდენი არაჩვეულებრივი რეჟისორი, საოცარი ბიჭები ემსხვერპლნენ იმ დროს, აღარავინ აღარ დარჩა იმ თაობიდან. ერეკლე ყველას მეგობარი იყო, ყველას გვიყვარდა. ძალიან საყვარელი. გული დამწყვიტა არასწორი სიტყვაა, გული მტკივა. 

width=600

რომა რცხილაძე: - არ ვიცოდი... ძალიან ვწუხვარ... ეეეეჰ. ძალიან მძიმეა ვილაპარაკო. მე და ერეკლე ერთად მოვდივართ. არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილი, მეგობარი, მამა. უნიჭიერესი ადამიანი. ბევრი კულტურის მინისტრი მოვიდა, წავიდა, პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან, მაგრამ ადამიანები მათ კი არ ვემგვანებით, არამედ ვემგვანებით მათ, ვინც კულტურა შექმნა. მაგრამ ამ ადამაინების მიმართ ყურადღება და ელემენტარული პატივისცემა არ არსებობს. კაცი ემსახურებოდა თავის ერს, დაუფასებლობის სინდრომია ქვეყანაში. თითქოს არავინ ვართ, არაფერი გვიკეთებია. 65 წლის ხარ ამხელა შემოქმედება გაქვს და 200 ლარს რომ აიღებ პენსიას, სასაცილოა. ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები მიდიან და ძალიან ბევრი რჩება ისეთი, ვინც ამძიმებს დედამიწას. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე