ხვალიდან სოციალური მუშაკების მასშტაბური გაფიცვა იწყება - სოციალური მუშაკების 22 მოთხოვნა

20:52 03-24-2019
36

„ძვირფასო მოქალაქეებო, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც…“ - ასეთი წარწერა დახვდება ხვალიდან ყველას, ვინც სოცმუშაკების ოფისებს მიმართავს. როგორც „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, ისინი მხოლოდ „გადაუდებელი აუცილებლობის“ შემთხვევაში გავლენ სამუშაოზე.

მანამდე კი, ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ პირობების შესრულებას თხოვენ, რაც, მათივე განმარტებით, აუცილებელია „ამდენად საპასუხისმგებლო სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად“:

„ჩვენ გვაქვს 22 მოთხოვნა, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და რომელიმეს გამოყოფა შეუძლებელია. სოცმუშაკების სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში „სოციალური მუშაკების სისტემური ცვლილებებისთვის“, საინფორმაციო ჯგუფის წევრი სოფო ხვთისიაშვილი.

ხვალ ისინი პირველ აქციას კანცელარიის წინ გამართავენ და ხელისუფლების პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას კიდევ ერთხელ, უკვე ქუჩიდან, შეეცდებიან. თემა აქტუალური 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გახდა.

მოთხოვნებს შორის, სახელდება თანამშრომლების შტატის გაზრდა, მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაცია შშმ პირთათვის, ოთახების მოწყობა კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის.

„სამუშაო გრაფიკი არანორმირებულია. 24 საათი კვირაში 7 დღე. სოცმუშაკი ფაქტობრივად სულ გზაშია, სატრანსპორტო ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ფარავს. არ არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება ბენეფიციარს, არც იურისტი, და სოცმუშაკს უწევს იურისტის და ფსიქოლოგის სამუშაოს შესრულება. თბილისში სოცმუშაკის ხელფასი ხელზე 666 ლარს შეადგენს, რეგიონებში - დაახლოებით 620 ლარს“, - განაცხადა სოცაგენტების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა.

ჯანდაცვის წარმომადგენლებს ეს მოთხოვნები 8 თებერვალს გააცნეს. თუმცა, აქციები მაინც საჭირო გახდა. რამდენად ხანგრძლივი იქნება პროტესტი, ახლა ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ სოცმუშაკები და ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებას.

რაც შეეხება თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალებას, ამ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს ბავშვის დედა, ხოლო ოთხი სოცმუშაკი, რომელიც ოჯახს კურირებდა, სამსახურიდან დაითხოვეს.

22 იანვარს გარდაცვლილ ბავშვს, სავარაუდოდ, სახეზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა.  მისი დედა, ლეილა ქსოვრელი დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

ამ შემთხვევამდე დედას, რომელმაც თავად გადაწყვიტა ბავშვი მიმღებ ოჯახში მიებარებინა, პერიოდულად ის სახლში მიჰყავდა, ხოლო როდესაც აბრუნებდა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის რაიმე კვალი არ შეუნიშნავთ.

ახლა ქსოვრელს 11 წლის პატიმრობა ელოდება.

ფოტო აღებულია batumelebi.netgazeti.ge-დან.