ზოგიერთი პოლიტიკოსი „კლინიკური შემთხვევის“ შთაბეჭდილებას ტოვებს - დავით ჭიჭინაძე

14:10 03-23-2019
83

გაივლიან თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატები ფსიქიატრიულ შემოწმებას? ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა, თუმცა, დიდი გამოხმაურება ამ შეთავაზებას ჯერ არ მოჰყოლია. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის ცნობა ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს:

„ვფიქრობ, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ჯანმრთელობის ცნობა ისედაც უნდა წარმოადგინოს. მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ ფსიქიკურად აშლილია, შეიძლება, ქვეყნის განვითარებასაც დაეტყოს და საზოგადოებაზეც ძალიან ცუდად აისახოს.“

დავით ჭიჭინაძის განმარტებით, ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში მიღებულია და ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა: „რა თქმა უნდა, ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს „კლინიკური შემთხვევასთან“ გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მათ ეს პროცედურა თავის დროზე რომ გაევლოთ, ალბათ, სათანადო ცნობას ვერ წარმოადგენდენ.“

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე ჯანმრთელობის შემოწმებასთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ კონკრეტულად თქვა.

ზოგადად, ვთვლი, რომ უნდა იყოს არჩევნების წინ ჯანმრთელობის შემოწმება და შეიძლება, ეს რეგულარულად დავაწესოთ და წელიწადში ერთხელ იყოს. რადგან ქვეყნის პრეზიდენტი არის ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფო დანიშნულება და ამდენად, გამართლებულია. ზოგჯერ შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ ფსიქიატრიულიც გასინჯვაც მოხდეს. ამას ხუმრობითაც ვამბობ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი იდგა და დგას. ეს მოთხოვნაა საზოგადოების და ამაში არაფერი არც უხერხულია“ – განაცხადა პრეზიდენტმა.