„სააკაშვილის ცოლობა კომპრომატი აღარ არის“ - გია ხუხაშვილი

12:53 03-23-2019
1369

კოალიცია „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის რიგგარეშე არჩევნებზე სანდრა რულოვსს ასახელებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას ამჯერად გამარჯვების რეალური შანსები აქვს.

ექსპერტ გია ხუხაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მთავარი კომპრომატი ახლა ირაკლი კობახიძეა.

„მე 2016 წელს გამოვრიცხავდი სანდრა რულოვსის გამარჯვებას მაჟორიტარულ არჩევნებში, მაგრამ მდგომარეობა იცვლება. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პერიოდი ძალიან მაღალი სიჩქარით მიდის, დღეს მის გამარჯვებას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა. კოლექტიური მურუსიძეც გადმოიბარა, აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ცოლობა, სამწუხაროდ, კომპრომატი უკვე აღარ არის „ქართული ოცნების“ ფონზე , რადგან კობახიძე ჰყავთ, რომელიც მიშაზე არანაკლები კომპრომატია.“ - ამბობს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება რულოვსის გამარჯვებას, ექსპერტის შეფასებით, ეს ფაქტი „რაიმე აპოკალიპტურს“ არ გამოიწვევს.

სანდრა რულოვსი 2016 წელს სამეგრელოს #66 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მაშინ 49 უბნის შედეგები ასე გადანაწილდა: სანდრა ელიზაბეტ რულოვსი, „ნაციონალური მოძრაობა“ - 28,91 %, ედიშერ თოლორაია, „ქართული ოცნება“ -71,09 %