Exclusive საიდან დაიწყო ნანის და სტეფანეს მეგობრობა - „ნანი ყველაზე თანამედროვე ადამიანია“

16:04 03-21-2019
710

სტეფანეს ამ დუეტზე კლიპის გადაღების იდეა ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტის შემდეგ გაუჩნდა. კონცერტი შარშან, 16 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა, ვაჟა აზარაშვილის „ისევ წვიმს“ კი წყვილმა ნიკოლოზ რაჭველის ახლებური არანჟირებით შეასრულა. 

„ყველა მეუბნებოდა, რომ ორი სხვადასხვა თაობის მუსიკოსის დუეტიაო და ამდენი კომპლიმენტის შემდეგ, როგორც პროდიუსერმა, ეს დუეტი პროექტად ვაქციე. სექტემბრიდან მოყოლებული მასში უდიდესი ენერგია ჩავდე. ჩანაწერში თბილისის სიმფონიური ორკესტრი უკრავს. ასე გათამამებული ქართველი კი არა, უცხოელი ვარსკვლავები იშვიათად არიან - პრაიმტაიმთან ყვება სტეფანე.

ლამაზი და ჰაეროვანი კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, ფოტოსესია - ზაქარია ჭელიძემ. მომღერლებს დევიდ როუდის კოსტიუმები აცვიათ. სხვადასხვა თაობების მომღერლებს შორის ასაკობრივი სხვაობა ნაკლებად იგრძნობა. პარტნიორები ერთმანეთს ბუნებრივობით ავსებენ.

„ნანი რომ ლეგენდაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენ 2012 წლის შემდეგ, „ქეთო და კოტეს“ რეპეტიციების დროს დავმეგობრდით, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ერთი ოჯახივით ვიყავით ყველანი. ქალბატონ ნანისთან მე მქონდა სათამაშო სცენები და ბევრი მაგარი მოგონება შემომრჩა.“

- სტეფანე, ნანისგან, როგორც მეგა ვარსკვლავისგან, რა ისწავლე, რა აიღე?

- რა საინტერესო შეკითხვაა... მიმახვედრა, რომ ყველა ადამიანი თანაბარია, მიუხედავად დონისა და რანგისა. ნანი მეგა ვარსკვლავია მთელი შინაგანი სამყაროთი და ყველა ნერვით. ვისწავლე ის, რომ ასაკს არ აქვს ლიმიტი. მის ასაკშიც, რომელსაც არ მალავს (გაისად 85 წლის იუბილე აქვს), არ არსებობს თანამედროვეობის ლიმიტი. 21-ე საუკუნის ყველა პარამეტრს პასუხობს. ვისაც კი ვიცნობ, ყველაზე თანამედროვე ადამიანია. მოკლედ, ძალიან მიხარია, თუ ჩვენი დუეტი მოსწონთ. 

 

თამარ გონგაძე