სუს-მა ახალციხის საკრებულოს წევრი და მერის ყოფილი მოადგილე დააკავა

11:28 03-16-2019
218

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი მოქალაქე და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ოთხი მოხელე დააკავა. 

დაკავებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრები არიან:

ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე, ახალციხის საკრებულოს წევრი , ახალციხის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში და ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს მოქალაქემ კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, ასევე ამავე კომისიის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს კომისიაში წარდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა.

აღნიშნული ქმედების შედეგად მოქალაქემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.