ქაცარავა 12 საათზე ხურვალეთში შევა

10:10 03-16-2019
830

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ.

ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ხურავლეთის ბაღებში არ იმყოფებიან რუსი სამხედროები.

"პრაიმტაიმი" დავით ქაცარავას ფეისბუქ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ 

მეგობრებო!
მოგეხსენებათ, გუშინ, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები და ნახევარი დღის განმავლობაში დაკავებული ქონდათ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რამდენიმე საათის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არავის უშვებდნენ სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა.
დროის ამ მონაკვეთში ტროლების მეშვეობით განხორციელდა მასირებული მცდელობა დაერწმუნებინათ საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ ლუდა სალიას მიერ მოწოდებული, ხოლო შემდგომში ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ დეზინფორმაცია და ტყუილი. ეს ინფორმაცია დაადასტურა პირველ რიგში ბაღის მფლობელმა ქალბატონმა, მოგვიანებით კი მინისტრმა ციხელაშვილმა, ასევე გორის მერმა, რომელმაც გაამართლა რუსების შემოსვლა იმით, რომ ოკუპანტებს თურმე აერიათ გზა.
ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების გასვლის შესახებ, ხურვალეთის შესასვლელთან მობილიზებულმა საზოგადოებამ მოითხოვა ამ ფაქტის დასადასტურებლად დელეგაციის შესვლა და ბაღების დათვალიერება.
შეთანხმების მიხედვით, ამ ბაღებში შესვლა უნდა მომხდარიყო დილით, 7 დან 9 საათამდე შუალედში.
ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენი შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მოგვთხოვეს შესვლის დრო გადაგვეწია შუადღის 12 საათზე.
ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან და ველოდებით 12 საათს.
ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები.
ძალა ერთობაშია!