ნათია ვერძეული- უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მართლმსაჯულების ინტერესებს არ ემსახურება

21:42 03-15-2019
24

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის ნათია ვერძეულის განცხადებით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მართლმსაჯულების ინტერესებს არ ემსახურება. 

მისი თქმით, მათთვის  პრინციპული საკითხია, რომ უზენაეს სასამართლოს არ დაეპატრონოს მოსამართლეთა ის გავლენიანი ჯგუფი, რომელიც დღეს სასამართლოში ყველაფერს აკონტროლებს. 

“ ის კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა უმავლესობამ, ამ მიზნისკენ ვერ და არ მიდის. კანონპროექტი ვერ დააზღვევს იმას, რომ უზენაესი სასამართლო   მოსამართლეთა ამ ვიწრო ჯგუფს არ ჩაუვარდეს ხელში.  ჩვენი მხრიდან არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომლის გაზიარების სურვილს და განწყობას დღეს ჩვენ უმრავლესობის და კანონპროექტის ავტორების მხრიდან ვერ ვხედავთ. ისინი აპირებენ დაავიწროვონ მაქსიმალურად იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. გადაწყვეტილების მიღების ბერკეტს  მაინც უტოვებენ საბჭოს 10 წევრს, რომლებიც გააკეთებენ იმას, რაც უკვე გააკეთეს გასული წლის დეკემბერში"- განაცხადა ვერძეულმა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე  დღეს სამი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. საპროცედურო კომიტეტმა მხარი მხოლოდ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაუჭირა.