როგორ აღმოჩნდა ქართული წარწერები ტერორისტების იარაღზე?

19:31 03-15-2019
1638

უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზე ეწერა - „დავით აღმაშენებელი“ და „დავით სოსლანი“.

როგორ და რატომ აღმოჩნდა საქართველოს ისტორიული ფიგურების სახელები ტერორისტების იარაღზე? ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ტერორისტებმა იარაღზე იმ გამოჩენილი ფიგურების სახელები მიაწერეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მუსულმანების წინააღმდეგ ბრძოლით გამოიჩინეს თავი.

ექსპერტი  მამუკა არეშიძე ყურადღებას ამახვილებს დავით აღმაშენებლის გვერდით დავით სოსლანის მოხსენიებაზე.

როგორც ცნობილია, თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში. მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი.  

„გვაქვს ინფორმაცია ერთ-ერთი მკვლელის შესახებ, რომელიც ანტიმუსულმანური განწყობის გახლდათ. შესაძლოა ამ ორგანიზაციაში ვიღაც ქართველიც იყოს ჩართული. არ გამოვრიცხავ რომ ეს იყოს ეთნიკურად ოსი, რადგან დავით სოსლანის ამ კონტექსტში მოხსენიება ცოტა უცნაურია“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

რა აერთიანებს ტერორისტების იარაღზე დატანილ ისტორიულ პერსონაჟებს და როგორ აღმოჩნდა ქართული წარწერა ავტომატის მჭიდზე? ამ კითხვაზე მამუკა არაშიძე პასუხობს:

„თუ დააკვირდებით იარაღის მჭიდებზე იმ ადამიანების სახელებია დატანილი, ვინც სხვადასხვა დროს მუსლიმების წინააღმდეგ იბრძოდა და სერიოზული გამარჯვებები აქვთ მოპოვებული, მათ შორისაა დავით აღმაშენებელი, რომლის ბრძოლა არ ყოფილა რელიგიური, ეს იყო პოლიტკური ხასიათის ბრძოლა. რაც შეეხება დავით სოსლანს, მართალია ისიც იბრძოდა, თუმცა დავით აღმაშენებელთან მისი გატოლება მაინც არაადეკავტური მგონია. სოსლანის სახელის მიწერა უფრო მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს ეთინკურად ოსის იდეა ყოფილიყო.

ამ ეტაპზეა რთულია იმის თქმა, როგორ აღმოჩნდა ქართული წარწერები ტერორისტების კუთვნილ იარაღზე, თუმცა მე ვიცი, რომ ახალ ზელანდიაში ნამდვილად ცხოვრობენ ქართველები და შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ისინი აღმოჩნდნენ ანტიმუსულმანურ დაჯგუფებაში, ან როგორც მინიმუმ ამ დაჯგუფების გულშემატკივრები არიან.

წარწერები შერჩეულია იმ ნიშნით, ვინც ისტორიულად მუსულმანების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. იქ ასევე მიწერილია ადმირალი, რომელმაც თურქეთის ფლოტის განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისელი ადმირალი, რომელიც ასევე იბრძოდა მუსლიმების წინააღმდეგ. სერბი სარდალი, რომელიც არ არის პირველ რიგებში იმ სერბებს შორის, ვინც მუსლიმების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ეს წარწერები უფრო მიგავნიშნებს პირად სიმპატიებზე კონკრეტული ისტორიული ფიგურების მიმართ, ვიდრე მათ ისტრიულ მიღწევებზე. ამ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანების გემოვნებიდან გამომდინარეა ეს წარწერები“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.  

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, ბრენტონ ტარანტიმ ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი მისი ინსპირაციის წყარო იყო. მან ხალხს ასევე ანგელა მერკელისა და ლონდონის მერის, სადიკ ხანის მკვლელობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში კი 40-ზე მეტი დაჭრილია გადანაწილებული.

თავდასხმა ქალაქ ქრაისთჩერჩის ორ მეჩეთზე მოხდა. შეიარაღებულ პირები სალოცავებში შეიჭრნენ და იქ მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებსაც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ექსტრემისტული შეხედულებები აქვთ, მაგრამ პოლიციას ისინი საეჭვო პირების სიაში შეყვანილი არ ჰყოლია.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაპატიმრებული ეჭვმიტანილი ავსტრალიის მოქალაქეა.

ტერაქტი საერთაშორისო გაერთიანებამ დაგმო. ბრიტანეთმა და შეერთებლმა შტატებმა, მეჩეთებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ავსტრალიამ ახალი ზელანდიელების სოლიდარობის ნიშნად სამთავრობო შენობებზე დროშები დაუშვა.